ტრამპის კონტრავერსიული განცხადება: ანალიზი აშშ-ის კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და რესპუბლიკური პრინციპების მიხედვით
POLITICSGENDER IDENTITY DISINFORMATION
Lashathustra
1/25/20251 min read


მცირეოდენი ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "არსებობს მხოლოდ ორი გენდერი", და ამიერიდან აშშ-ის პოლიტიკა ამაზე იქნება მორგებულიო.
რას ნიშნავს ეს განცხადება?
გენდერისა და სქესის განმარტება კონსტიტუციაში
ამერიკის კონსტიტუცია არ ახსენებს "გენდერს" და მხოლოდ სქესის (sex) ცნებას იყენებს. მაგალითად:
1) მე-19 შესწორება (1920): ქალებისთვის მინიჭებული ხმის მიცემის უფლება, სადაც წერია, რომ ხმის მიცემის უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს სქესის (sex) საფუძველზე;
2) მე-14 შესწორება (1868): "თანასწორობის დაცვის მუხლი" შეიცავს ზოგად პრინციპს, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს, მაგრამ არც აქ განიხილება გენდერის ცნება.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია არ აწესებს ჩარჩოებს და არ განსაზღვრავს კონკრეტულ ტიპებს გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით. სქესი და გენდერი განსხვავებული ცნებებია და ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. სქესი ბიოლოგიურ მოცემულობას აღნიშნავს, რომელიც ასევე კომპლექსურია. გენდერი, თავის მხრივ, კულტურული და სოციალური კონსტრუქტია, რომელიც დამოკიდებულია როგორც ინდივიდზე, ასევე სოციუმსა და კულტურაზე. ზოგ კულტურაში ორი გენდერის მიღმა სხვა გენდერული იდენტობებიც აღიარებულია. გენდერის ცნება ფლუიდურია და არ არის მონოლითური. მაგალითად, საჭურისი არ ჯდება ბინარულ გენდერულ სისტემაში და ძირითადად განიხილება, როგორც მესამე გენდერი (ზოგჯერ ტრანსგენდერი). თუ დავაკვირდებით, ლიტერატურულ და თეოლოგიურ ნაშრომებსა თუ ისტორიულ წყაროებში ხშირად საჭურისები არ მოიხსენიებიან გადაჭრით კაცებად ან ქალებად, არამედ - საჭურისებად, დაკოდილებად, ნეიტრალურებად, განსხვავებულ ან მესამე გენდერად, რომელთაც სხვადასხვა კულტურაში (ძველი ეგვიპტე, შუმერი, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი, ბიზანტიის იმპერია, ჩინეთის იმპერია, ინდოეთი, კორეა, ოსმალეთის იმპერია და სხვ.) უნიკალური გენდერული როლები ჰქონდათ, რომლებიც განსხვავდებოდა კაცისა და ქალის ტრადიციული ბინარული გენდერული როლებისგან. საჭურისს, როგორც გენდერს, საკუთარი სიმბოლოც კი აქვს. აგრეთვე, გასული ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის სასამართლო გადაწყვეტილებებმა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წელს მიღებულმა Bostock v. Clayton County საქმემ გენდერული იდენტობის მრავალფეროვნება აღიარა 1964 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტსა და კონსტიტუციის მე-14 შესწორებაზე მითითებით. 1964 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტი კრძალავს დისკრიმინაციას გენდერული იდენტობის მიხედვით და კონსტიტუციის მე-14 შესწორებით უზრუნველყოფილია თანაბარი დაცვის უფლება გენდერული იდენტობის განურჩევლად. გენდერული იდენტობა და თავისუფალი გამოხატულება ადამიანის უფლებად აღიარებულია სხვადასხვა ფედერალურ და შტატობრივ კანონებშიც. ყოველივე ზემოთ ხსენებული აჩვენებს, რომ გენდერული მრავალფეროვნება ამერიკულ კანონმდებლობაში აღიარებულია და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
კონსტიტუციის დაცვა და კონსერვატიზმის ფუნდამენტები
ამერიკული კონსერვატიზმისა და რესპუბლიკური პარტიის საფუძვლებში კონსტიტუციონალიზმის პრინციპებია ჩადებული, ამერიკული კონსერვატიზმის ქვაკუთხედია აშშ-ის კონსტიტუციის დაცვა. აშშ-ის დამფუძნებელი მამებისა და ლიბერალიზმის მამის - ჯონ ლოკის, გავლენით, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია მხარს უჭერს პიროვნების თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას (სიცოცხლის უფლება, საკუთრების უფლება, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება, თანაბარი დაცვის უფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, ოჯახისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), კანონის უზენაესობას, ხელისუფლების დანაწილებას, მცირე მთავრობასა და ადამიანის პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვას. ტრამპის განცხადებები, რომლებიც უარყოფენ გენდერულ მრავალფეროვნებას, არღვევს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს.
ანტიკონსტიტუციური პოლიტიკა: იმიგრაცია და გენდერი
ტრამპის განცხადებები გენდერზე არ არის მისი ერთადერთი საკამათო ნაბიჯი. მისი რიტორიკა და პოლიტიკა მოიცავს ზედმეტად გამკაცრებულ იმიგრაციულ წესებს, მათ შორისაა, მის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვები მუსლიმური ქვეყნებისთვის, რომელიც ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნიდან მუსლიმი მოქალაქეების აშშ-ში შესვლას ზღუდავდა, ცნობილი როგორც "Muslim Ban". ამ კანონის მიზანი, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება იყო. თუმცა, აღნიშნულ აქტს კონსტიტუციური წინააღმდეგობები აქვს. აშშ-ის კონსტიტუცია იცავს რელიგიის თავისუფლებას პირველი შესწორებით, რომელიც პირდაპირ კრძალავს მთავრობის მიერ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ კანონი არ ემყარებოდა რელიგიურ საფუძვლებს, მისი ფორმულირებისა და განაცხადების სარჩული აშკარად აჩვენებს, რომ კონკრეტული რელიგიური ჯგუფისკენ (მუსლიმები) იყო მიმართული. ეს აჩენს კითხვას, შეესაბამებოდა თუ არა ეს ნაბიჯი პირველი შესწორების პრინციპებს. გარდა ამისა, ხსენებული კანონი ეწინააღმდეგება თანასწორობის დაცვის პრინციპს, რომელიც ხუთი შესწორებით (Equal Protection Clause) გარანტირებულია. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც აშშ-ის სამართლებრივი სისტემა ეფუძნება. ეწინააღმდეგება კონსტიტუციის თანასწორობის პრინციპებს და უგულებელყოფს ამერიკულ მულტიკულტურალიზმს, რაზეც დგას აშშ და ამერიკული კულტურა. ეს ქმედებები არ შეესაბამება რესპუბლიკური პარტიის კლასიკურ ლიბერალურ საფუძვლებს, რომლებიც ემყარება პიროვნების თავისუფლებასა და მთავრობის შეზღუდულ ჩარევას. ამავდროულად, ზემოხსენებული კანონი ზრდიდა ფედერალური მთავრობის უფლებამოსილებას, რაც ეწინააღმდეგება ტრადიციულ კონსერვატიზმს, რომელიც ფედერალისტური ხასიათისაა. რესპუბლიკური პარტიის პრინციპები ყოველთვის მოითხოვდა ინდივიდუალური უფლებების დაცვას და მთავრობისგან მათი უზრუნველყოფის გარანტიას, ხოლო ტრამპის პოლიტიკა პირიქით მოქმედებდა. რესპუბლიკური იდეოლოგიის საფუძველი ამერიკული კონსტიტუციონალიზმია, რომელიც ხაზს უსვამს რელიგიის თავისუფლებას და თანასწორ დაცვას. მუსლიმების, ასევე სხვა რელიგიური ჯგუფების, უფლებების შეზღუდვა არის იმ ღირებულებების ღალატი, რომლებზეც პარტია დგას.
რიტორიკის გავლენა საზოგადოებაზე
ტრამპის განცხადებები ორ გენდერზე ქმნის პოლარიზებულ გარემოს, რაც საზოგადოებაში სიძულვილისა და უთანასწორობის გაღვივებას უწყობს ხელს. ტრანსგენდერი, არაბინარული და გენდერულად ფლუიდური ადამიანები ხშირად მარგინალიზაციის რისკის წინაშე დგანან. ეს ქმედებები არღვევს პიროვნების თავისუფლებას და საზოგადოებრივ თანასწორობას, კიდევ უფრო აძლიერებს არასწორ განწყობებს, აქვითკირებს გენდერულ სტერეოტიპებს და, რაც მთავარია, ნავთს ასხამს "რუსული ჩექმისა" და "დიდი ქოციანობის" ცეცხლს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოცემულობა ასევე "ვოუქიზმის" და ზოგიერთი მემარცხენე ტენდენციის დამსახურებაცაა, რომელიც წისქვილზე წყალს უსხამს რუსულ პროპაგანდას, რაც ხელს უწყობს ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას. ირონიულად ჟღერს, თუმცა, უთანასწორობის საკითხის გართულებას დათვურ სამსახურს უწევს სწორედ ზემოხსენებული ფსევდოლიბერალებისა და ვითომ პროგრესისტების (რომლებიც, ჩემი მოკრძალებული აზრით, ლატენტური ქოცები არიან და შესაძლოა, რუსეთთან დაკავშირებულებიც) მიერ საზოგადოებაში გავრცელებული ცრუ აღქმა-განწყობები, რის გამოც ტრანსგენდერი, არაბინარული და გენდერფლუიდური ადამიანები უსამართლოდ იხარშებიან ერთ ქვაბში იმ ხალხთან ერთად, რომლებიც თავს რობოტებად, გველებად, სპაიდერმენებად და ზვიანგებად აიდენტიფიცირებენ და ამ ყველაფრის სახელმწიფოს მიერ გენდერულ იდენტობებად კვალიფიცირებას ითხოვენ.
რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიის ჭრილში
რესპუბლიკური პარტია, რომელიც დგას ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისა და დამფუძნებელი მამების იდეების დაცვაზე, ტრამპის მსგავსი რიტორიკითა და პოლიტიკით გადაუხვევს თავის ისტორიულ საფუძვლებს, თუკი არ გააკონტროლებს ტრამპის ქმედებებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რესპუბლიკელები ტრამპს იმის საშუალებას არ მისცემენ, რომ სასამართლოსა და კანონს გადაახტეს, რადგან, როგორც აღვნიშნე, რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტია კონსტიტუცია, ხოლო კონსტიტუციის დაცვა გულისხმობს კანონის უზენაესობას, პიროვნების თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას, რაც ასევე მოიცავს გენდერულ იდენტობას, პიროვნების თავისუფალ არჩევანს, თანაბარი დაცვის უფლებას.
დასკვნა
ტრამპის განცხადება: "არსებობს მხოლოდ ორი გენდერი" არა მხოლოდ არასწორია, არამედ კონსტიტუციური პრინციპებისგან სრულიად განსხვავებულია. ამერიკული კონსერვატიზმი და რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგია ისტორიულად ეფუძნება პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, მთავრობის შეზღუდულ ჩარევას და კონსტიტუციის პრინციპების დაცვას. ტრამპის რიტორიკა და პოლიტიკა კი ამ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც ნათლად აჩვენებს, რომ მისი პოლიტიკა უფრო მეტად პოპულისტურია და არ შეესაბამება კონსერვატიზმისა და რესპუბლიკური პარტიის სულისკვეთებას.