ტეილორ სვიფტი - სიძულვილის ენის სამიზნე
GENDER IDENTITY DISINFORMATION
9/26/2024
სექსისტური სიძულვილის ენა წარმოადგენს გენდერული დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებულ ფორმას, რომელიც ემსახურება გენდერული ნიშნით ქალის, მამაკაცის, ან სხვა გენდერული იდენტობის ადამიანის დისკრედიტაციას და შეზღუდვას, რაც საბოლოოდ აძლიერებს უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს. ეს მეთოდი საკმაოდ აქტუალურია წარმატებული, მდიდარი, პოპკულტურაში სახელგანთქმული ქალების წინააღმდეგაც.
დღევანდელ მოცემულობაში ასეთი ქალის თვალსაჩინო მაგალითია ამერიკელი ქანთრი პოპ მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და მილიარდერი ტეილორ სვიფტი. თითქმის ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც სვიფტი მილიარდერი გახდა, რამაც განსაკუთრებით გაზარდა საზოგადოებაში კრიტიკული დამოკიდებულება მის მიმართ. მას უამრავი იარლიყი ააკერეს. მაგალითად, აბრალებდნენ, რომ მან ამ ოდენობის ქონება მისი სხეულის „გამარიაჟების“ შედეგად მოიპოვა, რაც გენდერული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მახასიათებელია და ემსახურება მის სექსუალურ ობიექტივირებას („სლათ-შეიმინგი“, იგივე მრუშობით დარცხვენა). ხოლო მცირეოდენი ხნის წინ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის თამამად დაფიქსირების გამო, სადაც მან მხარდაჭერა გამოხატა ქამალა ჰარისის კანდიდატურის მიმართ და ამ პოზიციის გამომხატველ პოსტს დაურთო წარწერა - „უშვილო კატების ქალბატონი“ (“Childless Cat Lady”), განსაკუთრებით ძლიერი კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს და მისი მისამართით სიძულვილის ენის კამპანია გააქტიურდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ცნობილი მულტი-მილიარდერის, კომპანიების - Tesla და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, სოციალური ქსელი X-ის მფლობელი ილონ მასკის საპასუხო პოსტი მისსავე სოციალურ მედიაზე: „კარგი, ტეილორ... გაიმარჯვე... მე შენ შვილს გაჩუქებ და შენს კატებს ჩემი სიცოცხლით დავიცავ“ (ტრამპის რეპუტაცია ვერ დაიცავი, რისი დამცველი ხარ შენ?).
ფაქტობრივად, საჯაროდ შესთავაზა, რომ მას დააფეხმძიმებდა, მას შემდეგ რაც ტეილორ სვიფტმა საკუთარი მოსაზრება გამოხატა.
ქალის მიერ ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით კიდევ სხვა მრავალი დეზინფორმაციის შემთხვევა არსებობს, რომელთა მიერ ნაკვებიცაა, ჩემი მოსაზრებით, ილონ მასკის ეს ხიხოისტური, მავნებლური ფრაზა. მაგალითად, ენდრიუ ტეიტის სიტყვები: „მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ვინმემ გააკეთოს ცხოვრებაში, შვილის ყოლაა. როდესაც მე ვესაუბრები იმ ფემინისტებს, რომლებიც იძახიან, „მე არ მინდა შვილების ყოლა“, ვფიქრობ, რომ თქვენ ყველაზე საცოდავი სულელი ძუკნები ხართ მსოფლიოში.“ (მე კი ვფიქრობ, რომ ჯობდა, თავის დროზე შენს მშობლებსაც იმ ფემინისტებივით ეფიქრათ). ასევე ფსიქოლოგისა და ე.წ „თვითდახმარების გურუს“, ჯორდან პიტერსონის მიკერძოებული ნათქვამი: „ვგონებ, რომ შენ გსურს შვილების ყოლა, ხოლო თუ არ გსურს, ალბათ ოდესმე მოგინდება. მაგრამ თუ არ მოგინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ან დელუზიური ხან ან მოუმწიფებელი“ (შენ ვიღას დაეკარგე ნეტავ, ლიმიტებს რომ უწესებ სხვებს?).
ტეილორ სვიფტი ამ მოვლენებამდეც წლების მანძილზე იყო სექსიზმისა და სიძულვილის ენის ადრესატი. მისი შემოქმედების თემა საკმაოდ ადამიანურია და ყოველდღიურ რეალობაზე აგებული, რაც კარგად აღწევს ადამიანთა გულებამდე და სწორედ ამის დამსახურებით მოიპოვა მან პოპულარობა, რასაკვირველია, თავდაუზოგავ შრომასთან ერთად. ტეილორ სვიფტი მეტწილად მღერის რომანტიკულ ურთიერთობებზე, გულის ტკენებზე და ბევრ მსგავს თემატიკაზე, რომელიც მიემართება აუდიტორიას. თუმცა, მისი კარიერის დასაწყისიდან მოყოლებული, სწორედ მისი მუსიკა და ურთიერთობებისა და გულის ტკენების ხშირი ასახვა გახდა ტეილორ სვიფტის კრიტიკის წყარო, მას მედიამ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიაწება „სერიული დეითერის“(“Serial Dater”) და „მოთამაშის“(“Player”) იარლიყები. აგრეთვე პოპულარული ჟურნალის Us Weekly ყდაზე მოხვდა ტეილორ სვიფტის ფოტო სათაურით - „რატომ ვერ პოულობს ის სიყვარულს“, რამაც გაასაჯაროვა მისი მთლიანი პაემნების ისტორია და განზრახ მოაქცია იგი და მისი პირადი ცხოვრება საჯარო განხილვისა და კრიტიკის მორევში. ტეილორ სვიფტი საზოგადოების მიერ ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც „ბიჭებზე გაგიჟებული“ მისი მუსიკის თემატიკისა და პირადი ცხოვრების გამო. აი, აქვე იჩენს თავს ინტერნალიზებული მიზოგინია და პატრიარქალური ორმაგი სტანდარტები. რადგან გვხვდებიან მამაკაცი არტისტები, როგორებიც არიან ედ შირანი და ბრუნო მარსი. ისინიც ანალოგიურ თემატიკაზე მღერიან - პაემნებზე, სიყვარულზე, დაშორებებსა და ა.შ. მაგრამ, თუკი სვიფტმა ამის გამო ყოვლისმომცველი ნეგატიური ყურადღება მიიპყრო, მის მამაკაც კოლეგებს ტაში დაუკრეს. ამასთან ერთად, სვიფტის სასიყვარულო ცხოვრება და ყოფილი პარტნიორების რაოდენობა ხშირად განიხილებოდა კრიტიკის კონტექსტში, ხოლო მის ერთ-ერთ ყოფილს, ჯეიკ ჯილენჰოლს, რომელსაც ზუსტად იმავე რაოდენობის ყოფილი პარტნიორი ჰყავდა, ტეილორისგან განსხვავებით, მის მიერ გაწეული შრომისა და წვლილისათვის პატივი მიაგეს.
მსგავსი სექსისტური სიძულვილის ენა სხვა დანარჩენთან ერთად, აგრეთვე, მოტივირებულია წარჩინებული ქალების მიმართ შურითა და მიუღებლობით, ვინაიდან ასეთი ქალები არ ერგებიან ქვის ხანის სისტემის მიერ დაწესებულ გენდერულ როლებს. ამ ინტერნალიზებული მიზოგინიისა და სექსისტური სიძულვილის ენის მიზანია წარჩინებული და მდიდარი ქალების დაკნინება და მათი საჯარო სივრციდან ჩამოშორება, რაც საფრთხეს უქმნის კაცობრიობის პროგრესულ განვითარებას.
*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია