შმექსპერტი
GENDER IDENTITY DISINFORMATION
10/7/2024
ჩვენს ქვეყანაში საკმაო პოპულარობით სარგებლობენ ისეთი ფიგურები, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც ექსპერტები და პროფესიონალი მეცნიერები. ეს ადამიანები მათი სტატუსისა და საუბრის დამაჯერებელი ტონის საშუალებით გენდერული და სხვა დეზინფორმაციის ჯურღმულებში მარტივად ითრევენ საზოგადოებას. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ფიგურაა ზურაბ მხეიძე, ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
სწორედ ასეთი სტატუსისა და სტაჟის მქონე ადამიანების მიერ გენდერული დეზინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს, რადგან საზოგადოების გარკვეულ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. იგი მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხით შეფუთულ გენდერულ სტერეოტიპებსა და გენდერულ როლებზე შავ-თეთრ წარმოდგენებს სთავაზობს მის აუდიტორიას. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში ზურა მხეიძე იძახის, რომ ქალი ბუნებით არის კონსერვატორი. ის ამ სტერეოტიპის გასამყარებლად ქალისა და მამაკაცის სოციალურ ქცევებს ადარებს მათ სასქესო უჯრედებს. კერძოდ, ქალი გამოჰყავს, კვერცხუჯრედის მსგავსად, რომელიც განაყოფიერების შემდეგ თავის ადგილს იკავებს და ყველა დანარჩენი სპერმატოზოიდისთვის იკეტება, ხოლო მამაკაცს ადარებს სპერმატოზოიდებს, რომლებიც ქაოტურად მოძრაობენ და არ იციან სად წავიდნენო. ამ შედარებაზე დაყრდნობით, იგი მიკერძოებულად ამტკიცებს, რომ ქალი ბუნებით კონსერვატისტია, შეუძლებელია, რომ ქალი პოლიგამიური ურთიერთობით კმაყოფილი იყოს და მუდამ ერთ პარტნიორზე ოცნებობს, ხოლო მამაკაცს ნება რომ დართონ, ჰარემს მოიწყობს და ბევრ პარტნიორთან ერთად სიამოვნებით იქნება, რადგან მამაკაცი ასეთია ბუნებითო (ამან მგონი რაღაც მიქარა ურთიერთობაში და ახლა ამ დიდაქტიკური ჭიკჭიკით ცდილობს გამოძრომას).
ქალიც და მამაკაციც ერთი სახეობისანი არიან - ადამიანები. ადამიანი კი ბიოლოგიურად პოლიგამიური არსებაა, რომელსაც შეიძლება ერთზე მეტი პარტნიორი ჰყავდეს, ან მხოლოდ მონოგამიურ ურთიერთობასაც დასჯერდეს, რადგან ადამიანი აგრეთვე აღიწერება, როგორც სოციალურად მონოგამიური არსება, განურჩევლად სქესისა. მართალია, ფართოდ ცნობილია ისეთი საზოგადოებები, სადაც მამაკაცს ბევრი მეუღლე ჰყავს, რაც პოლიგამიის ერთ-ერთი ფორმაა - პოლიგინია. თუმცა, ამასთან ერთად არსებობს პოლიგამიის მეორე ფორმაც - პოლიანდრია, როდესაც ქალს მრავალი მეუღლე ჰყავს და ეს პრაქტიკა ათასობით წლებია გვხვდება ისეთ საზოგადოებებში, როგორიცაა ტიბეტური კულტურა, ჰიმალაის მთების ხალხები, ინდოეთი, ჩინეთი, ბუტანი, სამხრეთ წყნარი ოკეანის კუნძულები, აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა... ამ რეგიონებში საუკუნეების მანძილზე არსებობდა და დღემდე არსებობს პოლიანდრია, რაც მათი კულტურის ნაწილია. პოლიანდრია ასევე გვხვდება ნეპალში, შრი-ლანკასა და ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში. ორივე სქესის შემთხვევაში პოლიგამიური ურთიერთობები დიდი ხნის მანძილზე არსებობდა მულტიკულტურული კაცობრიობის ისტორიაში და ეს ბიოლოგიური სქესით არ ლიმიტირდება. ხოლო, როდესაც ორი პარტნიორი თანხმდება მონოგამიურ ურთიერთობასა და ერთგულებაზე, ამ უკანაკნელ შემთხვევაშიც, სქესი არ განირჩევა - ღალატი არის ღალატი ნებისმიერ ვითარებაში, და ღალატის აქტი სასქესო უჯრედების შერწყმის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს.
ზურა მხეიძე მსგავს ნარატივს იმეორებს მის სხვა ვიდეოში, სადაც აგრეთვე ამბობს, რომ ქალი ბუნებით კონსერვატორია, ხოლო მამაკაცი არა. რომ თითქოს ქალი მუდამ ერთ პარტნიორზე, შვილის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზეა კონცენტრირებული, მამაკაცს კი თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ დროს მრავალი პარტნიორი ჰყავდეს და ასე იცხოვროს, როგორი ცხოვრებაც ქალისთვის აუტანელიაო. - ამ ცრუ რწმენა-წარმოდგენებზე დაფუძნებული ნარატივით იგი აძლიერებს ქვის ხანის დროინდელ წარმოდგენებს გენდერულ როლებზე, ამტკიცებს ვიწრო თვალსაწიერს, შავ-თეთრ შეხედულებებს სქესებთან დაკავშირებით და შესაბამისად აღვივებს გენდერულ სტერეოტიპებს.
ზემოთ საკმარისად ვიმსჯელე პოლიანდრიული საზოგადოებების შესახებ, რომლებიც დროსა და სივრცეში გვხვდებიან ადამიანებით დასახლებულ ყველა კონტინენტზე. გარდა ამ ფაქტობრივი მოცემულობისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ერთ ხეზე მყოფი ორი ფოთოლი არ არის სავსებით ერთნაირი, აგრეთვე ასეთი სხვადასხვანაირნი არიან ადამიანები. ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ და ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები, აღქმები და შეგრძნებები გვაქვს, განურჩევლად სქესისა თუ სხვა ნიშან-თვისებებისა. ხშირად ერთი სქესის ადამიანებს შორის ბევრად დიდი ნიშან-თვისობრივი სხვაობაა, ვიდრე საპირისპირო სქესის ორ პიროვნებას შორის. ამას გარდა, როდესაც არსებობს განსხვავებული სექსუალობები და გენდერული იდენტობები, სქესთა ასე შავ-თეთრად განხილვა მითუმეტეს ყველანაირ აზრს მოკლებულია.
სწორედ ზურა მხეიძის მსგავსი ე.წ. ექსპერტების დეზინფორმაციული ნარატივები და მათი პოპულარიზაცია უშლის ხელს თანასწორი და ჯანსაღი გარემოს შექმნას. მათი მიდგომა საზოგადოებას მენტალურად აბრუნებს უკან, პალეოლითში. ხალხი მარსზე გაფრენას ცდილობს, კიბოს წამალზე მუშაობენ და კოსმოსში შავ ხვრელებს სურათებს უღებენ, ჩვენ ამ დროს - „იიიიიი ზეზვამ დიდი ქვა აწია, ის დღეიდან ჩვენი ბელადია!“* - უბრალოდ, ტეხავს (ბრჭყალებში ჩასმული სიტყვების ავტორი: გიორგი ჭითანავა).
*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია