სექსიზმი მედიაში
GENDER IDENTITY DISINFORMATION
Lashathustra
11/25/2024
სექსისტური შინაარსიის შემცველი კომენტარებისა თუ პოსტების დიდი ნაწილი ტრადიცულ წყაროებსა და მედიაში მიმართულია ქალთა წინააღმდეგ, რომლებიც ძირითადად უკავშირდება პოლიტიკას და უმეტესწილად მიემართება საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალებს და აგრეთვე ქალ აქტივისტებსა და უფლებადამცველებს. სექსისტური შინაარსის შემცველი ნარატივები ბევრ შემთხვევაში დაკავშირებულია მორალური კრიტერიუმებით თავდასხმასა და მრუშობით დარცხვენასთან (slut shaming).
მსგავსი სექსისტური სიძულვილის ენის თვალსაჩინო მაგალითებია: „ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე.“ – (ირაკლი კობახიძის პასუხი ჟურნალისტის მიერ დავით არახამიას სიტყვების შეფასების თხოვნაზე); „აწყვეტილი ქალი“ (მორალური კრიტერიუმით თავდასხმის მაგალითი); „მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია“. მორალური კრიტერიუმებით თავდასხმის დროს ოპოზიციონერ ქალებს ამგვარად მიმართავდნენ: „მეძავი“; „აშვებული“; „დასაბმელი“; „5-ლარიანი ძუკნები“. - ასეთი ფრაზები ხშირად ისმოდა პრორუსული მედიების, „ალტ-ინფოსა“ და პროპაგანდისტული მედიის „POS TV”-ის სატელევიზიო ეთერში. დასავლეთის პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს კი უწოდებდნენ „ახუნტრუცებულებს“, „სექსუალურად გაუკუღმართებულებს“. ეს უკანასკნელი მორალური კრიტერიუმით თავდასხმა წარმოადგენს ჰომოფობიის ერთ-ერთ ფორმას. სლათ შეიმინგის ერთ-ერთი სამიზნე იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკის, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერ ტურნესთან დაკავშირებით მას პრორუსულად განწყობილი ფბ ანგარიშები და მედია მოიხსენიებდა ასე - „კახპა“; „შვილის ნათლიაზე გათხოვილი“; „ვნებას აყოლილი“; „ავხორცი“. (მრუშობით დარცხვენა).
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეპოქაში მედიას განსაკუთრებულად ძლიერი გავლენა აქვს საზოგადოების ცნობიერების ფორმირებაზე. სწორედ მედია ქმნის სოციალურ და კულტურულ ფონს. ამდენად, ზემოხსენებული ფრაზების მსგავსი სექსისტური, მიზოგინური შინაარსის ენის გამოყენება და გენდერული დეზინფორმაციის გავრცელება უარყოფით გავლენას ახდენს მედიით მოსარგებლე ადამიანების აზრებზე, განწყობასა და ქმედებებზე, რითაც მყარდება გენდერული სტერეოტიპები, რაც საბოლოო ჯამში ძირს უთხრის თანასწორობას, ხელს უშლის საზოგადოების პროგრესულ განვითარებასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, დღის წესრიგში იდგეს სოციუმში მედიაწიგნიერების განვითარების საკითხი. - ვასწავლოთ მედიით მოსარგებლე ადამიანებს ინფორმაციის დეზინფოსგან გარჩევა, არასენსიტიური ფრაზებისა და იარლიყების მავნებლობა, რას ნიშნავს დეზინფორმაცია და სექსისტური სიძულვილის ენა და ა.შ. მედიაწიგნიერება განსაკუთრებით რეკვიზიტულია ჟურნალისტური საქმიანობისთვის, რადგან სწორედ ჟურნალისტები არიან მედიის „მესაჭეები“. მათ შორის ჟურნალისტების შრომაზეა დამოკიდებული საზოგადოების ცნობიერების ფორმირება და სოციალურ-კულტურული ფონის შექმნა. ამდენად, ჟურნალისტების განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა მაღალი დონის მედიაწიგნიერების გამოვლინება, რაც გამოიხატება მათ მიერ გენდერული დეზინფორმაციისა და მსგავსი საკითხების მიმართ მაღალ სენსიტივობაში და ამ ყოველივეს ეთიკურად და სენსიტიურად გაშუქებაში.