რეიგანის და ტეტჩერის მემკვიდრეობა

POLITICS

4/5/20251 min read

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი მსოფლიოში პოლიტიკური ლიდერების იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებმაც არა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში, არამედ გლობალურ დონეზეც გარდამტეხი გავლენა მოახდინეს. ისინი იყვნენ დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული, კაპიტალისტური ბლოკის გიგანტები, რომელთა პოლიტიკური ნაბიჯები საბოლოოდ განმათავისუფლებელი აღმოჩნდა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებისთვის, ხოლო დამანგრეველი - საბჭოთა ავტორიტარული სოციალისტური რეჟიმისთვის. ამ ორი პიროვნების არსებობამ განაპირობა ცივი ომის ბედი და შექმნა ახალი ეპოქა. ეს მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო მათი პიროვნული თვისებებითა და ხასიათით, რის გამოხატულებასაც მათ იდეოლოგიაში უნდა ვეძიოთ. მათი კონსერვატიული იდეოლოგია ღრმად დაფუძნებული იყო კლასიკურ ლიბერალიზმსა და ლიბერტარიანულ ღირებულებებზეანუ პიროვნული თავისუფლების, ინდივიდუალური უფლებების, პირადი პასუხისმგებლობისა და თავისუფალი ბაზრის უპირატესობაზე.

რეიგანის პრეზიდენტობისას აშშ-ში განხორციელდა ეკონომიკური რეფორმების მასშტაბური სერია, . რეიგანომიკა“ (Reaganomics), რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფოს როლის შემცირებას, ინდივიდუალური ინიციატივის გაზრდასა და კერძო სექტორის გაძლიერებას ეკონომიკაში. ის ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს ჩარევა ხშირად წარმოადგენს დაბრკოლებას ინდივიდის თავისუფალი განვითარების გზაზე. მცირე და შეზღუდული მთავრობა, გადასახადების შემცირება, დერეგულაცია და საჯარო ხარჯების შეკვეცა რეიგანის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედები იყო. ამასთანავე მის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის წყალობით ინფლაცია შეიზღუდა. მისი ხედვა დაფუძნებული იყო იმ რწმენაზე, რომ ინდივიდი არის საუკეთესო მმართველი საკუთარი ბედისა და ეკონომიკური თავისუფლებასოციალური პროგრესის საფუძველი. ეკონომიკურ თავისუფლებასთან ერთად მისი პოლიტიკა აგრეთვე მოიცავდა თავდაცვაზე საბიუჯეტო ხარჯების ზრდას, იარაღის ფლობისა და ტარების უფლებას და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტს. რეიგანის ლიბერტარიანული ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ამერიკამ ეკონომიკური განვითარებით და სიმდიდრით კიდევ უფრო გაუსწრო სხვა ქვეყნებს.

ტეტჩერმაც მისი მმართველობის დროს ამავე პრინციპებით იხელმძღვანელა დიდ ბრიტანეთში. ცნობილი ფრაზა — "არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა საზოგადოებაარსებობს ინდივიდები და მათი ოჯახები" — მის ფილოსოფიას ზუსტად გამოხატავს. ტეტჩერმა განახორციელა ფართომასშტაბური პრივატიზაცია და დერეგულაცია, შეამცირა პროფკავშირების გავლენა და მხარი დაუჭირა თვითდასაქმების წახალისებას. მნიშვნელოვნად შეამცირა გადასახადები, მონეტარული პოლიტიკით კი გააკონტროლა ინფლაცია. ტეტჩერიზმის (Thatcherism) ნიშა გახლავთ ინდივიდუალიზმის მხარდაჭერა და კოლექტივიზმის წინააღმდეგობა. - მისი მთავარი მანტრაა თვითდახმარება და პირადი პასუხისმგებლობა. ტეტჩერმა მთავრობის შეზღუდვის და სახელმწიფო საწარმოებისა და ინდუსტრიების პრივატიზაციის კვალდაკვალ მოახდინა რა ინდუსტრიების მოდერნიზაცია, რითაც გაფართოვდა ინდივიდუალური შრომითი უფლებები, გაიზარდა სამუშაო ადგილების რიცხვი. ამ ყოველივემ ბრიტანეთი გაღატაკებისგან დაიხსნა, ფეხზე მყარად დააყენა და ახალ ერაში გადაიყვანა. ეს ფაქტობრივად სოციალური რევოლუცია იყო. ინდივიდუალიზმისა და ეკონომიკური ლიბერალიზმის პარალელურად მას ასევე სწამდა სოციალური პასუხისმგებლობისა. ის იყო სამართლებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების მკაცრი დამცველი. მხარს უჭერდა სამხედრო ბიუჯეტის ზრდას, ზოგიერთ შემთხვევაში სამხედრო ინტერვენციას და ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე. საერთო ჯამში ტეტჩერი გახლდათ კანონის უზენაესობის, პიროვნების თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლების მტკიცე დამცველი.

ორივე ლიდერმა, მიუხედავად მათი ზოგჯერ კონსერვატიული ტონისა, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინდივიდუალური და სამოქალაქო უფლებების დაცვაში. რეიგანის და ტეტჩერის მმართველობის პერიოდში მიღებულ იქნა აქტები, რომლებიც კრძალავდა დისკრიმინაციას რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული, სქესობრივი, პოლიტიკური კუთვნილების, სოციალური და სხვ. ნიშნით. მათ შორის სექსუალური ორიენტაციის საფუძველზეც. ტეტჩერმა, მიუხედავად ტრადიციული ოჯახური სისტემის მხარდაჭერისა, გაავრცელა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის აქტის მოქმედება შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. გააუქმა მორალური შეზღუდვები დასაქმებასთან დაკავშირებით და გაზარდა სამოქალაქო უფლებები, რაც ლგბტქ+ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევდა, სამუშაო ადგილებზე თავისუფლად დასაქმებულიყვნენ და თვითრეალიზება მოეხდინათ. რეიგანი კი, კალიფორნიის გუბერნატორობის დროს საჯაროდ შეეწინააღმდეგა ლგბტქ+ მასწავლებლების წინააღმდეგ წარმოებულ დისკრიმინაციულ ბრიგსის ინიციატივას“, იმ არგუმენტით, რომ ეს ინიციატივა უპირისპირდებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და კონსტიტუციურ უფლებებსაც კი. ხოლო პრეზიდენტობის დროს ხელი მოაწერა აქტს, რომლითაც საჯარო სასწავლებლებში სტუდენტების დისკრიმინაცია აიკრძალა და რომლის თანახმადაც ლგბტქ+ სტუდენტებს უფლება მიენიჭათ საჯარო სკოლებთან ასოცირებულიყვნენ, ამავე სკოლებში შეექმნათ საკუთარი კლუბები და მათი საქმიანობა განეხორციელებინათ. ტეტჩერი და რეიგანი, მიუხედავად მათი ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მხარდაჭერისა და ნაწილობრივ pro-life პოზიციისა, სრულიად არ ეწინააღმდეგებოდნენ აბორტს, არ ემხრობოდნენ მის აკრძალვას და გარკვეულ შემთხვევებში აღიარებდნენ კიდეც აბორტის უფლებას. მაგალითად, როდესაც დედის სიცოცხლეს და/ან ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებოდა, ნაყოფს მძიმე სამედიცინო დიაგნოზი ჰქონდა დასმული, როდესაც ჩასახვა ხდებოდა გაუპატიურების, სხვა სახის სექსუალური ძალადობის ან ინცესტის შედეგად. ასევე, ორსულობის საწყის ეტაპზე აბორტი ბევრ შემთხვევაში დაშვებული იყო. რეიგანმა კალიფორნიის გუბერნატორობის დროს 1967 წელს კალიფორნიის შტატში აბორტის ლეგალიზება მოახდინა გარკვეული პირობებით, რაც იმ დროისთვის ლიბერალურ პოლიტიკად ითვლებოდა. შემდგომ, პრეზიდენტობის პერიოდში, მეტად გადაიხარა pro-life პოზიციისკენ. მაგრამ მაინც არ აუკრძალავს აბორტის უფლება, გარკვეულ შემთხვევებში აღიარებდა კიდეც მას და შტატებს მეტი თავისუფლება მიანიჭა ამ საკითხის გადაწყვეტაში. ხოლო ტეტჩერი, მიუხედავად იმისა, რომ აბორტის დასაშვებობის ვადა გარკვეულწილად შეამცირა, იყო ერთ-ერთი გამონაკლისი კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრიტანეთში მიღებულ 1967 წლის აქტს აბორტის ლეგალიზების შესახებ და მის დროს სამთავრობო ხარჯებიც კი გაიზარდა მისი ხელმისაწვდომობისთვის. მაშინ, როდესაც ბევრი მემარცხენეც კი ეწინააღმდეგებოდა ამ კანონს. ყოველივე ზემოხსენებული მიანიშნებს რეიგანისა და ტეტჩერის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე, გარკვეულ კონტექსტში სხეულის ავტონომიის აღიარებასა და პირადი არჩევანის პატივისცემაზე, რაც მათ ზომიერ ლიბერტარიანიზმზე მეტყველებს, ტრადიციონალისტური ელემენტებით.

გარდა ამისა, ორივე ლიდერის პოზიცია ურყევი იყო ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ორივე მათგანი მხარს უჭერდა სიტყვის, შეკრებისა და გამოხატვის, ბედნიერებისკენ სწრაფვის და რელიგიის თავისუფლებას, რაც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის საფუძველია. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ცენზურას და, მიუხედავად მათი ძლიერი ქრისტიანული რწმენისა, იყვნენ სეკულარისტები, არ ემხრობოდნენ სახელმწიფოს მიერ რელიგიური კანონების მიღებას. მიუხედავად ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტისა, წინა პლანზე აყენებდნენ ინდივიდის თავისუფლებას და ეწინააღმდეგებოდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მათთვის უფრო მეტად მიზანშეწონილი იყო ნებაყოფლობითი პროფესიული თავდაცვის ძალები. ორივე ფუნდამენტურად უჭერდა მხარს ინდივიდის თავისუფლებას არჩევანში, იქნება ეს სამხედრო სამსახური, ეკონომიკა, განათლება, სიტყვა, გამოხატვის ფორმა, რელიგია თუ ცხოვრების სტილი. ისინი თვლიდნენ, რომ სახელმწიფოს როლი არ არის მოქალაქეების მორალური ქცევის ზედამხედველობა, არამედ მათი უფლებების დაცვა. მათი ხედვა გულისხმობდა ინდივიდის დამოუკიდებლობასა და პირად პასუხისმგებლობასრომ თითოეული ადამიანი თავად უნდა იყოს თავისი ცხოვრების ავტორი და საკუთარ ქმედებებზე თავად უნდა აგებდეს პასუხს შედეგებით.

საბოლოოდ, რონალდ რეიგანის და მარგარეტ ტეტჩერის კონსერვატიზმი დაფუძნებული იყო კლასიკურ ლიბერალიზმსა და ლიბერტარიანულ პრინციპებზე. ისინი წარმოადგენდნენ კლასიკური ლიბერალიზმის ცოცხალ განსახიერებას. მათი მმართველობა იყო ძალისხმევა თავისუფალი საზოგადოების შექმნისკენ, სადაც ადამიანს ჰქონდა არჩევანის უფლება, საკუთრება, გამოხატვის თავისუფლება, თანაბარი დაცვის უფლება და პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მათი პოლიტიკური მემკვიდრეობაა ის, რითაც დღევანდელი თავისუფალი საზოგადოება სულდგმულობს. მათი მემკვიდრეობა დღემდე შთააგონებს იმ ადამიანებს, ვინც ტრადიციულ ინსტიტუტებსა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად თავისუფლებასა და ინდივიდუალურ უფლებებსაც უმაღლეს ფასეულობებად მიიჩნევს.