ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი: სინთეზი თუ ბრძოლა იდეებისთვის?
POLITICS
Lashathustra
1/16/20251 min read


ეს ერთი შეხედვით ურთიერთდაპირისპირებული იდეოლოგიები თურმე არც თუ ისე მონოლითური ყოფილა, და მათ იმაზე მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. მოდით, სანამ სიღრმეებში ჩავიძირებოდეთ, დავიწყებ ამ ორ პოლიტიკურ და ფილოსოფიურ შეხედულებათა მოკლე აღწერითა და შედარებით:
ლიბერალიზმი - ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც შეზღუდულია სახელმწიფო ხელისუფლება და მისი ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი. ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია: პიროვნების თავისუფლება; სიცოცხლის უფლება; კერძო საკუთრების უფლება; უფლებათა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობათა თანასწორობა ყოველი მოქალაქისათვის; სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალიზაციის შემცირება და ხელისუფლების დანაწილება. ლიბერალიზმის თანახმად ინდივიდმა თავად იცის, რა არის მისთვის უკეთესი და სახელმწიფო მის არჩევანში ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს.
კონსერვატიზმი - იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის მიზანია, შეინარჩუნოს მდგრადი ტრადიციები და სიფრთხილით მოეკიდოს რადიკალურ ცვლილებებს. ტეტჩერის განსაზღვრებით, კონსერვატიზმი, როგორც პოლიტიკური პრაქტიკა, უპირატესობას ანიჭებს ძველ და კარგად შესწავლილ გზებს და არა ჯერ გამოუცდელი და არაპროგნოზირებადი ბილიკების ძიებას და გამოყენებას. თანამედროვე ევროპული კონსერვატიზმი წარმოიშვა როგორც რეაქცია განმანათლებლობასა და საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე. კონსერვატიზმი ორიენტირებულია ტრადიციული ინსტიტუტების შენარჩუნებაზე და სიფრთხილესა და სენსიტიურობას იჩენს ცვლილებების მიმართ.
მაშასადამე, თუკი ლიბერალიზმი პრიორიტეტს ანიჭებს ინდივიდს, კონსერვატიზმის თანახმად, ინდივიდის თავისუფლებასთან ერთად, აგრეთვე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრადიციული ინსტიტუტები, რომელიც წარმოადგენს ინდივიდთა ერთობას. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ორი იდეოლოგია არ არის „ჩაბეტონებული“ და მრავალგვარი ინტერპრეტაცია აქვთ. მაგალითისთვის განვიხილოთ დიდი ბრიტანეთის შემთხვევა. ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული სახელმწიფო მსოფლიოში. ბრიტანელები ინარჩუნებენ ტრადიციულ ღირებულებებსა და ინსტიტუტებს, ქრისტიანობას, ტრადიციულ ოჯახს, კულტურულ ძეგლებს, მონარქიასაც კი, მაგრამ ამავე დროს, დიდი ბრიტანეთი აღიარებულია, როგორც ლიბერალური დემოკრატიული ქვეყანა: ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური მმართველობა, უმაღლეს დონეზე დაცული პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა ანუ ინდივიდთა თანაბარი უფლებები კანონის წინაშე, საკუთრების უფლება, თავისუფალი საზოგადოებრივი დისკურსი, რწმენის თავისუფლება, აგრეთვე აღიარებულია და დაცულია LGBTQ+ უფლებები, მათ შორის ერთსქესიანთა ქორწინება. ბრიტანეთი ეკონომიკურ სფეროში ნაწილობრივ მიჰყვება კონსერვატიული იდეოლოგიის, ტეტჩერიზმის კურსს, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებსა და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მინიმიზაციაზეა ორიენტირებული. ეს უკანასკნელნი კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპებია. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაზე. აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წამყვანი იდეოლოგია კონსერვატიზმია. რესპუბლიკელების დიდი ნაწილი მათ საქმიანობაში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ტრადიციული ინსტიტუტების, ქრისტიანული ღირებულებების, კონსტიტუციონალიზმის, საკუთრების უფლებისა და ტრადიციული ოჯახის დაცვა-შენარჩუნებას. მაგრამ, ამავდროულად აღებული აქვთ ლიბერტარიანული კურსი და ძირითადად მოქმედებენ ინდივიდის თავისუფლების დაცვის მიზნით. „რესპები“ მხარს უჭერენ იარაღის ტარების თავისუფლებას. მათი ამოცანაა დაბალი გადასახადები, მცირე მთავრობა, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვა ადამიანის პირად ცხოვრებასა და არჩევანის თავისუფლებაში, დერეგულაციისა და პრივატიზაციის უზრუნველყოფა, კერძო ინიციატივისა და თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერა. ეს ყოველივე მყარად ემთხვევა კლასიკურ ლიბერალურ მსოფლმხედველობას. რესპუბლიკელები ასევე მტკიცედ იზიარებენ ლიბერალიზმის პოზიციას ფუნდამენტურ უფლებებთან (პიროვნების თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, სიცოცხლის, ბედნიერებისკენ სწრაფვის, საკუთრების უფლება) მიმართებით. ამდენად, როგორც ვხედავთ, პრაქტიკაში ჭეშმარიტად არსებობს კონსერვატიული ლიბერალიზმი ან ლიბერალური კონსერვატიზმი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანული და ამერიკული კონსერვატიზმი არის კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე, მოდიფიცირებული და ტრადიციულ ღირებულებებთან ადაპტირებული ვერსია. როგორც ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი მიშა მშვილდაძე ამბობდა თავის გადაცემაში - „კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან“ რუბრიკაში „ლიბერალიზმი vs. კონსერვატიზმი“. ვციტირებ: „თანამედროვე სამყაროში არ არის პრობლემა, თუ კონსერვატორი ლიბერალიც იქნება, ან პირიქით. მეტსაც ვიტყვი - მთავარია *ლე არ იყოს, თორემ დანარჩენი მოგვარებადია“.
მიშა მშვილდაძის ეს ფრაზა მკაფიო ზღვარს ავლებს ჯანსაღ და სნეულ კონსერვატიზმს შორის. მაგალითად: სნეულ (ანუ *ლე, იგივე ყაველა) კონსერვატორებად შეიძლება მიჩნეულ იყვნენ ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დასავლური კონსერვატიზმის კრიტერიუმებსაც კი თავიანთი ანტიდემოკრატიული რეჟიმით, ავტორიტარული მმართველობითა და სხვა მიზეზებით. აგრეთვე, დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, ჯორდან პიტერსონი და ენდრიუ ტეიტი მათი „წვეტიანი“ აზრებით. ქართულ რეალობაში კი , როგორც გრიგოლ ორბელიანი თავისი ოქროს ჯაჭვით. აი, მე, პირადად, ყველა ზემოხსენებულ ქმნილებას გამოვყოფდი ე. წ. „ყაველა კონსერვატისტთა“ კატეგორიის საპატიო და წამყვან წევრებად, რომლებიც ხშირად კლასიკურ და mainstream კონსერვატიზმის პრინციპებთანაც კი მოდიან წინააღმდეგობაში, მათი სიტყვებისა და ქმედებების კონტრავერსიულობით, ავტორიტარული და იმპერიალისტური გამოხტომებით, ზედმეტად მატერიალისტური, ჰედონისტური მიდრეკილებებით, ფარისევლობითა და ორმაგი სტანდარტებით. ხოლო ჯანსაღი და ადეკვატური კონსერვატისტების რიცხვს მივაკუთვნებ შემდეგ პიროვნებებს: რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი, ადამ სმითი, ბორის ჯონსონი და ჩვენი დიდი გულშემატკივარი ჯო უილსონი (გასაგები მიზეზების გამო).
ადამ სმითი ხშირად იწოდება, როგორც „კაპიტალიზმის მამა“ და კლასიკური ლიბერალიზმის ერთ-ერთი სიმბოლო. მართალია, იგი, პირველ რიგში, ლიბერალად განიხილება, მაგრამ ამასთანავე მტკიცე კონსერვატიული ღირებულებებიც ჰქონდა. მისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების მორალური საფუძვლის აუცილებლობა და სოციალური პასუხისმგებლობა. მისი ცნობილი ფრაზაა: „ჩვენ არ ველით სადილს ყასბის, მზარეულის ან მცხობელის კეთილგანწყობის შესაბამისად, არამედ ამ ადამიანების მიერ საკუთარი ინტერესებისადმი დამოკიდებულების მიხედვით“; რონალდ რეიგანი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და კონსერვატორი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელმაც, აგრეთვე, ნეოლიბერალური პოლიტიკური რეფორმები გაატარა. იგი თავისუფალი ბაზრის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დიდი ქომაგი იყო. მას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „თუკი ამას გავაანალიზებთ, დარწმუნებული ვარ, რომ კონსერვატიზმის მთელი გული და სული არის ლიბერტარიანიზმი. მე ვფიქრობ, რომ კონსერვატიზმი არასწორი სახელია,.. კონსერვატიზმის საფუძველი არის მთავრობის ნაკლები ჩარევის სურვილი, ანუ ნაკლებად ცენტრალიზებული ხელისუფლება, ანუ მეტი ინდივიდუალური თავისუფლება და სწორედ ეს არის ლიბერტარიანიზმის ზოგადი აღწერაც“; მარგარეტ ტეტჩერი იყო ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე და კონსერვატორი პოლიტიკოსი. იგი მოღვაწეობდა როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 1975-1990 წწ. რეიგანის მსგავსად ტეტჩერმაც დიდ ბრიტანეთში ნეოლიბერალური პოლიტიკური რეფორმები გაატარა. მარგარეტის ნეოლიბერალიზმსა და მის მიერ დაარსებული კონსერვატიული იდეოლოგიის, ტეტჩერიზმის შესახებ ზემოთ ორიოდე სიტყვით ვახსენე. რკინის ლედის იდეოლოგიას თვალსაჩინოდ გამოხატავს მისი შემდეგი სიტყვები: „იმ ტიპის კონსერვატიზმი, რომელიც მას და მე ... მოგვწონს, საუკეთესოდ აღიწერებოდა, როგორც „ლიბერალური“, ძველმოდური გაგებით. და მე ვგულისხმობ მისტერ გლადსტოუნის ლიბერალიზმს, და არა ამ უკანასკნელი კოლექტივისტებისას.“.
ბევრი სტიგმა არსებობს ლიბერალიზმთან დაკავშირებითაც, რომლის ნაწილიც, იმედი მაქვს, უკვე დავამსხვრიე. არაერთი ულტრა-მემარჯვენე და პრორუსული მთავრობა, სამთავრობო მედია თუ პროპაგანდისტი, მაგ. ე.წ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, პრორუსული სამაუწყებლო მედიები - „იმედი“, “POS TV” „ალტ ინფო“, სპეციალურად შექმნილი ყალბი Facebook ანგარიშები ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ლიბერალები ებრძვიან ტრადიციებს, რელიგიას და ოჯახს. რომ მათ ტრადიციული ღირებულებებისა და ოჯახის სიწმინდის განადგურება სურთ. სინამდვილეში ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება პროპაგანდის გზით ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებასა და ჩინოვნიკების ძალაუფლების გამტკიცებას. დიახ, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი არ გამორიცხავს ერთმანეთს, რადგან არსებობს კონსერვატიული ლიბერალიზმიც, რომელიც პრაქტიკაში წარმატებით მუშაობს. ბევრი კონსერვატორიც კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპებით მოქმედებს. მაგალითად: საკუთრების უფლება, ეკონომიკური თავისუფლება, რწმენის უფლება, ოჯახისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მცირე მთავრობა, სახელმწიფო ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, კონსტიტუციონალიზმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ეს ღირებულებები აერთიანებს ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს. ლიბერალიზმი ყველაზე მოქნილი და ეფექტური სისტემაა, სადაც სრული თავისუფლება აქვს ადამიანს საკუთარ არჩევანში, იქამდე ვიდრე არ შეეხება სხვის თავისუფლებას. თუ სურს კონსერვატორი იქნება, თუ უნდა ლიბერალი. კაპიტალისტი ან სოციალისტი. თეისტი ან ათეისტი. ლიბერალური დემოკრატიები ზრუნავენ მრავალსაუკუნოვან კულტურულ ძეგლთა და მემკვიდრეობათა დაცვა-შენარჩუნებაზე, მაშინ, როდესაც თვითმარქვია „კონსერვატორებმა“ გელათი განადგურებისთვის გაწირეს, იყალთო უპატრონოდ მიატოვეს და საყდრისი ააფეთქეს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მდიდარი ბიძიას ჯიბეების მეტად გასასქელებლად.
კულტურის ძეგლთა განადგურება და უგულებელყოფა არ არის ლიბერალური სახელმწიფოების პოლიტიკის ნაწილი, რადგან ლიბერალიზმი უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურის, ინდივიდუალური თავისუფლებების და მრავალფეროვნების დაცვას. ისიც უზარმაზარი ტყუილია, რომ ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში მასთან ჰარმონიაშია კიდევაც. ლიბერალიზმი სწორედ ქრისტიანული სამყაროს წიაღში აღმოცენდა და არ არსებობს ისეთი სრულფასოვნად ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ამავდროულად ქრისტიანულ კულტურას არ მიეკუთვნება. უბრალოდ არარელიგიურობის გამო ადამიანს არ დევნიან, ესაა და ეს.
საქართველოს ისტორიაში ლიბერალიზმის უდიდესი და თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ილია ჭავჭავაძე. იგი არა მხოლოდ რელიგიისა და ეროვნული იდენტობის დამცველი გახლდათ, არამედ მტკიცედ უჭერდა მხარს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, კერძო საკუთრების უფლებას, თანასწორუფლებიანობას, პიროვნების, სიტყვის, გამოხატვის, რწმენის თავისუფლებასა და განვითარების პროევროპულ კურსს. არ ეთანხმებოდა ბრმად ტრადიციების ერთგულებას და მიისწრაფვოდა პროგრესისა და ინოვაციისკენ. ვციტირებ: „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“; “ბისმარკის წყალობით ევროპამ დაივიწყა სიკეთე ფრიტრედერობისა (Free Trade - თავისუფალი ვაჭრობა). დღეს ხელახლად თავი წამოჰყო და ფეხზედ წამოდგა წინათ უარყოფილი სისტემა პროტექციონობისა, ესე იგი სისტემა, რომლის დაძლევაც დიდის სიხარულით მიღებულ იყო ამ ორმოცის წლის წინათ და მასზედ გამარჯვებული ფრიტრედერობა კი – პატივცემული, როგორც სისტემა ლიბერალობის მოძღვრებისა.” ილია ძლიერ უჭერდა მხარს ქალთა ემანსიპაციასაც და შეიძლება გარკვეულწილად ფემინისტადაც მივიჩნიოთ: “ქალებს შეუძლიათ არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოუვარდებიან. ამ პატიოსანს განზრახვას შესდგომიან ამერიკაში და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ.”
უკვე არაერთხელ ვახსენე და განვმეორდები, რომ ლიბერალიზმიც კონსერვატიზმის მსგავსად არ არის ერთგვაროვანი იდეოლოგია და მისი სხვადასხვა ტიპი არსებობს. ხშირად ლიბერალებსაც კი არ აქვთ ყველაფერში საერთო აზრი და ზოგიერთი მათგანი გარკვეულ ასპექტებში ეწინააღმდეგება კიდევაც კლასიკურ ლიბერალიზმს, მათი მემარცხენე და კოლექტივისტური ტენდენციების გამო. მაგ: სოციალური და მწვანე ლიბერალიზმი. მაშასადამე, თანამედროვე მსოფლიოში ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს თავისუფლად შეუძლიათ თანაარსებობა მშვიდობიანად და ჰარმონიულად. როგორც საზოგადოებაში, აგრეთვე ინდივიდის ცნობიერებაში.