კაცების PMS?! - ჰორმონები, ხასიათის ცვალებადობა, მითი თუ რეალობა?

GENDER IDENTITY DISINFORMATION

4/26/20251 min read

როცა გვესმის სიტყვა "პერიოდი" ან PMS-ზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ქალები გვახსენდება. თუმცა, ბევრს სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჰგონია, რომ კაცები მსგავს რთულ დღეებს არ გადიან. სამაგიეროდ, ბოლო წლების განმავლობაში კვლევებმა ცხადყო, რომ კაცებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ჰორმონებთან დაკავშირებული "კრიტიკული დღეები", რასაც მეცნიერები „გაღიზიანებული მამაკაცის სინდრომს“ (Irritable Male Syndrome) უწოდებენ.

IMS ან გმს, ტესტოსტერონის დონის მერყეობასთანაა კავშირში და შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, დეპრესია, დაღლილობა, ლიბიდოს დაქვეითება, აგრესიაც კი. ტესტოსტერონი არათანაბრად იწარმოება დღე-ღამისა და ცხოვრების განმავლობაში, ხოლო მისი დაბალი დონე მჭიდროდ არის კავშირში თვითშეფასებასთან და ემოციურ სტაბილურობასთან

განსაკუთრებით საინტერესოა დოქტორ ჯერალდ ლინკოლნის ცხოველებზე ჩატარებული კვლევა, რომელმაც ვერძებში, ანუ მამრ ცხვრებში ტესტოსტერონის ვარდნისას ხასიათის მკვეთრი ცვლილებები დააფიქსირა. მისი აღმოჩენა ადამიანებზეც გავრცელდა და გამოვლინდა, რომ გამოკითხულ მამაკაცთა 26% რეგულარულად განიცდიდა მსგავსი სიმპტომების კომპლექსს.

ფსიქოთერაპევტი ჯედ დაიმონდი IMS-ს აღწერს როგორც ჰორმონალური მერყეობის, სტრესისა და მამაკაცური იდენტობის რღვევის ერთობლივ შედეგს. ის აღნიშნავს, რომ სინდრომს შეიძლება ჰქონდეს ციკლური ხასიათიც, თუმცა ზოგჯერ ის კიდევ უფრო მწვავეა, ვიდრე ქალების PMS. მისივე თქმით, IMS-ს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ურთიერთობებზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე. დაიმონდის მსგავსად, დოქტორი რიჩარდ პეტი IMS-ს, მიუხედავად იმისა რომ IMS-ის კონცეპტს არ აღიარებს, დაბალი ტესტოსტერონის სიმპტომატიკასთან აკავშირებს და ხაზს უსვამს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებში.

ტესტოსტერონის დონის ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კაცის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიაზე. მისი ვარდნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სტრესია, რომელიც ზრდის ორგანიზმში კორტიზოლის წარმოებას და აფერხებს სეროტონინისა და ტესტოსტერონის გამომუშავებას. ეს კი ქმნის "ნეგატიურ მარყუჟს" – მეტი სტრესი, ნაკლები ტესტოსტერონი, უფრო მეტი ემოციური დისბალანსი.

IMS-ს შეიძლება თან ახლდეს როგორც ფსიქო-ემოციური, ისე ფიზიოლოგიური სიმპტომები: შფოთვა, გაღიზიანება, აგრესია, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მუცლის ტკივილი, ერექციული პრობლემები. განსხვავებით ქალის ციკლური მენსტრუაციისგან, IMS არარეგულარულია და ნებისმიერი ასაკის სექსუალურად აქტიურ მამაკაცში შეიძლება გამოვლინდეს.

საინტერესო ფენომენია ასევე ეპიდიდიმული ჰიპერტენზია – ე.წ. „ლურჯი კვერცხები“, რაც ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავებისას და არაორგაზმული ხანგრძლივი აღგზნების შედეგად ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს, რომლისგან გათავისუფლება სქესობრივი აქტის გზით ან უნებლიე და მოულოდნელი ეაკულაციის საშუალებით ხდება, რაც არაკომფორტული პროცესია, მაგრამ მცირე დროის შემდგომ ორგანიზმი ნორმალურ ფაზაში ბრუნდება. ამასთანავე, არსებობს ეაკულაციის შემდგომი ტკივილი (POPS), რაც ხშირად IMS-ის თანმხლები მდგომარეობაა და ხასიათდება სათესლე ჯირკვლებისა და/ან მუცლის ქვედა ზონებში ტკივილით ან დისკომფორტით. ეს არ არის მძიმე სამედიცინო მდგომარეობა და შედარებით მარტივად წესრიგდება. აგრეთვე არსებობს მისი იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმა – POIS – პოსტ-ორგაზმული ავადმყოფობის სინდრომიც, რომელიც უნდა დაექვემდებაროს სამედიცინო ჩარევას. ყოველივე ზემოხსენებული შეიძლება აიხსნას ჰორმონული და ფსიქო-სომატური მექანიზმებით.

ეს ფენომენები ჩემთვის მხოლოდ თეორიული არ ყოფილა. ზაფხულში, სექსუალური თავშეკავებისა და საკმაოდ დატვირთული პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად განვიცადე უნებლიე და მტკივნეული ეაკულაცია და აგრეთვე შემდგომი თითქმის სამი კვირა მძიმედ ვგრძნობდი თავს – ფიზიკურად და ემოციურად. როცა პარტნიორმა ხუმრობით მითხრა – „ასე მგონია პმს გაქვს!“ – ეს initially ხუმრობით აღვიქვი, მაგრამ მერე სერიოზულად დამაფიქრა. კვლევებში ამ საკითხზე კიდევ უფრო სიღრმისეული მსგავსებები ვიპოვე – ტესტოსტერონის მერყეობა, ჰორმონული ფლუქტუაცია, სტრესი, დისკომფორტი, გუნების ცვალებადობა. თითქოს ჩემი სხეული და ფსიქიკა მიმანიშნებდა იმაზე, რაც საზოგადოებისგან დაფარულია.

სამწუხაროდ, ტოქსიკური მასკულინობის პირობებში კაცებს ხშირად არ გვაქვს თავისუფლება, ვისაუბროთ იმაზე, რაც რეალურად გვაწუხებს. ემოციური დისბალანსის, ტკივილისა და ფიზიოლოგიური პრობლემების შესახებ საუბარი „არაკაცურად“ ითვლება. მაგრამ რეალობა იმაზე გაცილებით რთული და კომპლექსურია, ვიდრე სოციალური სტერეოტიპები გვიჩვენებს. გაღიზიანებული მამაკაცის სინდრომი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური ფენომენები, რეალურია. ამ საკითხზე მეტი კვლევა, ცნობიერება და ღიაობა არის აუცილებელი, რათა კაცებსაც შეეძლოთ მიიღონ მხარდაჭერა და სწორი ინფორმაცია. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ უფრო ჰარმონიული, ემპათიური და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას.