გენდერული იდენტობის ათასწლეული

GENDER IDENTITY DISINFORMATION

9/23/20241 min read

არც თუ ისე იშვიათად გენდერული დეზინფორმაციით გამოწვეულ წნეხს სისგენდერ ქალებთან ერთად, აგრეთვე, განიცდიან ტრანსგენდერი ქალები და საერთოდ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები. გენდერული სტერეოტიპები და სიძულვილის ენა, რომელიც ამ ადამიანების მიმართ გამოიყენება, ემსახურება მათ დემონიზებას, მათი სექსუალობისა და გენდერული იდენტობის უზნეობად და გარყვნილებად წარმოჩენას, მათი პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას. ამგვარი მოპყრობა განაპირობებს საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გაღვივებას, საფრთხეს უქმნის ქვიარ ადამიანების თავისუფლებასა და სიცოცხლეს, აძლიერებს უთანასწორო, დისკრიმინაციულ გარემოს. შედეგად ვიღებთ მოცემულობას, სადაც განსხვავებული ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ადამიანებს უჭირთ თვითრეალიზება და განიცდიან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის სხვადასხვა ფორმას.

ჩვენ ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ჰომოფობიურ-ტრანსფობიური ხასიათის მრავალ სტერეოტიპსა და სიძულვილის ენას, როგორიცაა, მაგალითად: „ესენი არიან ავადმყოფები, მათ მკურნალობა სჭირდებათ“ (თუმცა კი ჯანმომ ავადმყოფობათა სიიდან ამოიღო და დადგინდა, რომ ესეც ჩვეულებრივი ფიზიოლოგიაა, ისევე როგორც ფეხის ზომა, ცხვირის ფორმა, რასა ან კანის ფერი), „მამათმავლობა მიუტევებელი ცოდვაა; რწმენის სახელით უნდა იძალადოთ“ (რელიგიური ექსტრემიზმის ფორმა), „ჰომოსექსუალობა და ტრანსიდენტობა გადამდებია“ (ამის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს, ეს არ არის ვირუსი ან სხვა რაიმე სახის დაავადება რომ გადამდები იყოს), „სახლში რაც უნდათ ის აკეთონ“ (კესარია რამდენიმე დღის წინ სახლში აკუწეს)და სხვ. თუმცა, მინდა, გამოვყო ერთ-ერთი ცნობილი დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოსდა ეს მდგომარეობა თანამედროვე ეპოქაში დასავლეთის შემოტანილი იყოს და ემსახურებოდეს ტრადიციული ოჯახისა და ღირებულებების რღვევას.

ამ ცრუ რწმენა-წარმოდგენის გამოხატულებაა ერთ-ერთი მიმი, სადაც ასახულია ფილმიდან „300“ მეომარი სპარტელების კადრი და თანამედროვე ქვიარ ადამიანების სურათი წარწერით:
„თავისუფლებისთვის მებრძოლები ადრე/თავისუფლებისთვის მებრძოლები ახლა“, რაც მიმართულია დღევანდელ მოცემულობაში ლგბტქ+ ადამიანების დისკრედიტაციისკენ ძველ დროში მოღვაწე ჰეროიზმითა და ქვეყნისთვის თავდადებით განთქმულ სპარტელებთან შედარების გზით.

ამ ამბავში უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ სპარტა, ისევე როგორც არაერთი სხვა ძველბერძნული პოლისი, საგმირო საქმეებთან ერთად, ასევე, ცნობილია ჰომოსექსუალური ურთიერთობებისა და ერთი სქესის ადამიანებს შორის რომანტიკული სიყვარულის ფაქტებით. სპარტელების მილიტარისტური ჰეროიზმის ტრადიცია მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად სწორედ ჯარისკაცებს შორის ჰომოსექსუალური ურთიერთობებით წარმოშობილი ძლიერი ემოციური კავშირებით აიხსნება. მათი ბრძოლებში წარმატების მიზეზი ხშირად ჯარისკაცებს შორის ძლიერი ეროტიკული სიყვარული იყო. ამას კი სპარტელების ჰეროიზმის, სიმამაცისა და თავდადებისათვის ხელი არ შეუშლია, არამედ პირიქით, სიყვარული მათ საბრძოლო სულისკვეთებასა და მორალს უმაღლებდა.

დღევანდელ მოცემულობაშიც ლგბტქ+ ადამიანების მიერ ხმის ამაღლება და უფლებებისთვის ბრძოლა დიდ სიმამაცესა და თავდადებას მოითხოვს. გამოხატვის თავისუფლება კი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია. ამდენად, პატივი უნდა ვცეთ, განურჩევლად ყველა ნიშან-თვისებისა, თითოეული ადამიანის კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ტრანსგენდერი ადამიანების (მათ შორის, არაბინარული და მესამე გენდერის ადამიანები) შესახებ ჩანაწერები მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებულია მრავალ კულტურაში, რომელიც ძველი დროიდან იღებს სათავეს.

ანტიკურ რომში მოღვაწე გალანტური საჭურისი მღვდლები ზოგი მეცნიერის მიერ განიხილებიან როგორც ტრანსგენდერები ან მესამე გენდერის ადამიანები. ტრანსფემინური „კათოეი“(kathoey) და „ჰიჯრა“(hijra) სახელებით ცნობილი გენდერული როლები ათასწლეულების მანძილზე არსებობდნენ ტაილანდსა და ინდოეთის სუბკონტინენტზე. არაბეთში „ხანითები“ ან ძველად „მუხანათები“ (khanit/mukhannathun) იყვნენ, რომელთაც ეკავათ მესამე გენდერის როლი მე-7 საუკუნიდან მოყოლებული. მრავალ აფრიკულ საზოგადოებაშიც არსებობდა ტრანსგენდერი ქალებისა და მამაკაცების ტრადიციული როლები, რომელთა ნაწილიც დღემდე შემორჩა. ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობაში ფლუიდური და მესამე გენდერის როლები გვხვდება კოლუმბამდელი ამერიკის პერიოდიდან მოყოლებული.

ტრანსიდენტობა ზემოხსენებული ხალხების კულტურათა შემადგენელი ნაწილი იყო საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ამის გამო მათი ტრადიციული ღირებულებები არ ჩამოშლილა და დღემდე არსებობენ. ამ ფაქტებით, აგრეთვე, იმის აღნიშვნა მსურს, რომ ჰომოსექსუალობა და ტრანსიდენტობა ყოველთვის, უხსოვარი დროიდან იყო მსოფლიოს ხალხების კულტურისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და ამ მოცემულობით კაცობრიობამ და მრავალმა ცივილიზაციამ დღევანდელ ეპოქამდე ჩვეულებრივ მოაღწია. ეს ნამდვილად არ არის დასავლეთის მიერ დღევანდელობაში გაჩენილი ე.წ გარყვნილების პროპაგანდა. ლგბტქ+ ადამიანები ყოველთვის იყვნენ და არიან ჩვენ შორის, ამით კი ჩვენს კულტურას საფრთხე არასდროს შექმნია და არც ახლა ექმნება საფრთხე.

*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია

Related Blogs