"ინტერნეტგურუ" და გენდერული დეზინფორმაცია

GENDER IDENTITY DISINFORMATION

9/20/20241 min read

გენდერული დეზინფორმაცია ცნობილი ბრძოლის ინსტრუმენტია, რომელიც მიმართულია უმეტესად ქალების, განსაკუთრებით კი საჯარო სფეროში აქტიური და თვითრეალიზებული ქალების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს მათ გაჩუმებას, დაშინებასა და მათი შესაძლებლობებისა თუ პიროვნული თვისებებისათვის ჩარჩოების დაწესებას. ეს განაპირობებს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების გაღვივებასა და უსამართლო, დისკრიმინაციული გარემოს შექმნას. აღნიშნული მავნებლური ტენდენცია, ძირითადად ონლაინ სივრცეში გვხვდება, რასაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები ადევნებენ თვალ-ყურს, მათ შორის ბავშვები.

ჩვენ ვიცით, დღევანდელ მსოფლიოში, რა ოდენობით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მედიას საზოგადოების აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, ცხადია, რომ მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ინფორმაციული და საკომუნიკაციო საშუალებით უარყოფით გავლენას ახდენს ინდივიდებისა თუ კოლექტიური ცნობიერების ფორმირებაზე. საჯარო სივრცეში სისტემატიურად გამოყენებული სხვადასხვა შეურაცხმყოფელი და არასენსიტიური ფრაზა, მცდარი, ცრუ რწმენა-წარმოდგენებზე დაფუძნებული ინფორმაცია, კლიშეები და იარლიყები იბეჭდება მედიით მოსარგებლე ადამიანის გონებაში და გავლენას ახდენს მის აზრებსა და გადაწყვეტილებებზე. ამ ამბავში კი ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გენდერული დეზინფორმაციის მორევში ეფლობიან ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან მოყოლებული ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებასა თუ სოციალურ ქსელებში ხედავენ, ისმენენ და ღრუბელივით იწოვენ გენდერულ დეზინფორმაციას.
გენდერული დეზინფორმაცია ცოცხალი ორგანიზმი რომ იყოს, ენდრიუ ტეიტი ერქმეოდა. ენდრიუ ტეიტი არის ბრიტანელ-ამერიკელი ბიზნესმენი და ყოფილი კიკბოქსიორი, რომელიც აგრეთვე პოზიციონირებს როგორც „ინტერნეტგურუ“ და „მასკულინიზმის დამცველი“. ვირუსული პოპულარობა მან საჯაროდ სექსისტური და კონტრავერსიული საუბრების შედეგად მოიპოვა. ეს პიროვნება დღევანდელ მოცემულობაში გენდერული სტერეოტიპებისა და ტოქსიკური მასკულინური იდეების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მის ძირითად სამიზნე აუდიტორიასა და მიმდევრებს თინეიჯერები და ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანები შეადგენენ, განსაკუთრებით - ბიჭები და ახალგაზრდა მამაკაცები. უმეტესად კი ისინი, რომლებიც რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობაში წარმატებას ვერ აღწევენ, რის გამოც გოგონებზე და ქალებზე ბრაზდებიან. ამავდროულად უსაფუძვლოდ აშფოთებთ ქალთა ემანსიპაცია და უჩნდებათ იმის ილუზია, რომ ფემინიზმმა ქალებს პრივილეგიები მიანიჭა, მათი ტრადიციული „მასკულინური როლები“ დაიკარგა და თითქოს მასკულინიზმი კრიზისშია. ტეიტიც სწორედ მათი მყიფე ცნობიერებით, მამაკაცური იდენტობის დაკარგვის ცრუ შეგრძნებითა და ქალების მიმართ გაჩენილი აგრესიით სარგებლობს - მათ ასმენინებს იმას, რისი მოსმენაც სურთ, სთავაზობს გამდიდრების გზებისა და ქალებთან ურთიერთობის მეთოდების სწავლებას, ავრცელებს ყველანაირი სახის გენდერულ დეზინფორმაციას, ნერგავს მიზოგინიურ და ტოქსიკურ მასკულინურ მავნებლობას, რათა ახალგაზრდები ჩაითრიოს Hustling-ში და ფინანსური სარგებელი მიიღოს. იგი ამ ყოველივეთი ხელს უწყობს ახალგაზრდებში გენდერული სტერეოტიპების, გენდერული ნიშნით ზიზღისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების მეტად გაძლიერებასა და რადიკალიზაციას.
ნებისმიერი გენდერული სტერეოტიპი და სექსისტური სიძულვილის ენის ფორმა, რაც კი რამ შეიძლება გაგახსენდეთ (მაგალითად, სლათ-შეიმინგი ანუ მრუშობით დარცხვენა), ვფიქრობ, ამ ადამიანმა უკვე ყველა მათგანის გამოყენება მოასწრო. მაგ: „მე ვფიქრობ, რომ ქალი მამაკაცს ეკუთვნის“ (ამის მოსმენის შემდეგ უკვე ბევრი რამ გასაგებია); „ქალები არიან მაღალი სტატუსის სიმბოლოები, ხალხს ჰგონია, რომ ამ კახპებთან სექსის სიყვარულის გამო დავდივარ. ეს არაფერ შუაშია იმასთან, თუ რატომაც დავდივარ ამ ძუკნებთან, მე ამ ძუკნებთან ერთად ვარ, რათა ყველამ იცოდეს ვინ არის დონი.“ (ქალების სექსუალურ ობიექტებად წარმოჩენასაც არ ერიდება); „თვითმფრინავში ჩავჯექი და კაბინის მიღმა დავინახე, რომ პილოტი ქალი იყო, სურათი გადავიღე და ვთქვი: “ბევრ ქალს, ვისაც ვიცნობ, მანქანის პარკირებაც კი არ შეუძლიათ, რატომ მართავს ქალი ჩემს თვითმფრინავს?“ შემდეგ კი ბანი დამადეს.“ (ვაა, ნეტავ რატომ?!); „საერთოდ რატომ უნდა იყო იმ ქალთან ერთად, ვინც ქალიშვილი არ არის? ის არის მოხმარებული საქონელი. მეორადი.“ (ამას, მგონი, მეორადი ბუგატი შეტენეს და ქალებზე იყრის ჯავრს); „მამაკაცებს შეუძლიათ ღალატი, ქალებს არ შეუძლიათ“ (კლასიკური მაჩოიზმი); „ქალი, რომელიც ბავშვს არ აჩენს, ღირებულებას კარგავს“ (დედაშენმა რომ გაგაჩინა, რა ხეირი?).

ენდრიუ ტეიტი ერთ-ერთ ფოდქასთზე აფიქსირებს საკუთარ მიკერძოებულ შეხედულებებს გენდერულ როლებთან დაკავშირებით. კერძოდ, იგი ამბობს, რომ ურთიერთობაში ქალი მამაკაცს ეკუთვნის, ქალებს ბრძოლა არ შეუძლიათ, მამაკაცები მეტად ჭკვიანები არიან, მამაკაცებისათვის გონებრივი კონკურენციის გაწევის უნარი ქალებს არ შესწევთ, ქალებსა და მამაკაცებს კონკრეტული როლები აკისრიათ საზოგადოებაში და სხვა მსგავსი კლიშეები. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად მისი ოპონენტების ფაქტებსა და ლოგიკაზე დაფუძნებული არგუმენტების მოსმენისა, ტეიტი საკუთარ შეხედულებებს აფუძნებს მხოლოდ პირად გამოცდილებაზე, რელიგიურ გადმოცემებსა და ტრადიციულ შეხედულებებზე, რომელთა ჭეშმარიტებაც არ დასტურდება და უგულებელყოფს მეცნიერულად გამოკვლეულ, დამტკიცებულ დოკუმენტირებულ ფაქტებს. ახალგაზრდა თაობაში მსგავსი ადამიანების ზეპოპულარობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების თანასწორ და ჯანსაღ მომავალს.

*ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კამპანიის ფარგლებში „მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია“.

Related Blogs