ბენედიქტე და ერმილე - EP 3
STORIES
Lashathustra
2/26/20251 min read


- ბოდიშს გიხდით, ბატონო ერმილე, მაგრამ თქვენი ნაშრომი ცენზურას ვერ გაივლის. თანაც, უწმინდესი და უნეტარესი კათალიკოს-პატრიარქი არ აკურთხებს, შესაბამისად უარს ვამბობთ თანამშრომლობაზე...
- უკაცრავად, რას ნიშნავს „ცენზურას ვერ გაივლის“, ან რა ლოცვა-კურთხევა, ხუმრობთ ხომ?
- როგორც სახეზე მატყობთ, საკმაოდ სერიოზული ვარ. თქვენი ლიტერატურული ნაშრომი, „უსქესო ადამიანი“ კანონსაწინააღმდეგო შინაარსს ატარებს, ასე რომ, ვერ დაგიბეჭდავთ.
- კანონსაწინააღმდეგო?! ფაშიზმი და ჰიტლერის იდეოლოგიაც კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ გრიგოლ ხომერიკს „ჩემი ბრძოლის“ სრული ვერსიის თარგმანისა და საკუთარი ნაშრომის „წილხვედრი ერი“ დაბეჭდვაზე გული არ დასწყვიტეთ. თანაც აქვე, ამ ოთახში ვხედავ ამ წიგნების ეგზემპლარებს, რომელთა ყდებსაც ბოლნური ჯვრისა და ბორჯღალის პარალელურად დახრილი შავი სვასტიკები და ავსტრიელი მხატვრის გამოსახულება ამშვენებს! აი, ამ წამს კი მეორე თაროზე შევნიშნე სერგეი ონიანის ნაშრომის „წითელი სამოთხე“, მთელი ტომეული ბესარიონოვიჩის ულვაშითა და ურო-ნამგლის ორნამენტებით მოკაზმული! ეს უკანასკნელიც ხომ კანონგარეშე პარტიულ იდეოლოგიას ქადაგებს?! რატომ დაუშვით ჩემზე გამონაკლისი, მაინცდამაინც მე რად მისტუმრებთ უარით?
- ვწუხვარ, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ. ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს ამ ზემოხსენებულთა უკანონობის შესახებ. ამ შინაარსის წიგნები, რაც თავი მახსოვს, სულ იყიდებოდა, ახლაც იყიდება. ხალხი ინტერესდება ამით და იძენს. ამიტომ არავის აუკრძალავს და არც არანაირი პრობლემა შეგვქმნია ამასთან დაკავშირებით. ხოლო რის დაბეჭდვასაც თქვენ ითხოვთ, აშკარაა, რომ რაღაც უცხოა, საეჭვო. კანონი კი მკაფიოდ, ძალიან მკაცრად კრძალავს მსგავსი შინაარსის ნაშრომების შექმნასა და გავრცელებისთვის ხელშეწყობას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეკლესია ჰგმობს მსგავს საქმიანობას, რადგან ეს მძიმე ცოდვის წახალისებაა, ჩვენ კი პრობლემებს არ ვეძებთ. ამგვარად, კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ უარი, კარგად ბრძანდებოდეთ.
- აი, ხომ გისმენ და გთხოვ, გულწრფელად მიპასუხე, ასეთ ვითარებაში ყოფნის შემდეგ, უსამართლობის, თუნდაც მცირედი განცდა არ გეუფლება, ან პროტესტის გრძნობა, რომ სრულ სიმართლეს გიმალავენ, შენს საქმიანობაში ასე თამამად ერევიან, თანაც ამ სფეროს არაპროფესიონალები, და გიკონტროლებენ, რა როგორ უნდა გააკეთო?
- უსამართლობის განცდა რატომ უნდა მქონდეს, მე ხომ ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებ. კლიენტებს ვემსახურები, საზოგადოებას ვაწვდი იმას, რასაც ითხოვს და მიფასდება. შემოსავალს ვიღებ, რომლითაც თავს ვირჩენ. ჩემი საქმით არაფერი დაშავებულა, პირადად მე არ მსმენია, რაიმე პრობლემა შეჰქმნოდა ვინმეს, არც მე შემმთხვევია არაფერი. ასე რომ, ამაში უარყოფითს ვერაფერს ვხედავ. რა ვქნა მე, თუ არ უნდა ეს სახელმწიფოს, ეკლესიას და ხალხს. შარს კი არ ვეძებ, მე კანონს ვემორჩილები და უბრალოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებ.
- კანონით და საეკლესიო კანონიკით რომ დაგავალდებულონ შენი პირველშობილის კათალიკოს-პატრიარქისთვის მსხვერპლად შეწირვა, ან პრემიერ-მინისტრისთვის პირველი ღამის უფლებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაშინაც იტყვი, რომ კანონს ემორჩილები და საკუთარ მოვალეობას ასრულებ?
გამომცემლობის რედაქტორი რამდენიმე წამით დადუმდა და შემდეგ ბრაზით მიუგო ერმილეს:
- რამდენს ბედავ, აბა ახლავე მიბრძანდი აქედან!
- მე კი წავალ, მაგრამ შენ გირჩევნია გონს მოეგო სანამ დრო გაქვს, თორემ დრო რომ გავა, მერე ახალგაზრდებთანაც იმავეს თქმა მოგიწევს თავის მართლების მიზნით, ჩემს მოვალეობას ვასრულებდიო. მაგრამ იმ დროისთვის ეს სიტყვები ვეღარ გიხსნის და დარჩები იქ სადაც ახლა ხარ, როდესაც საზოგადოება წინ წავა და სასაცილოდაც აღარ ეყოფათ ის არქაული ნაბოდვარი, რასაც მათ აწვდი.
მკაცრი და მაფრთხილებელი მზერით შეხედა ერმილემ რედაქტორს და გამომცემლობის შენობა დატოვა. გარეთ მისი განუყრელი მეგობარი, ბენედიქტე ელოდებოდა.
- ცოტა არ იყოს დაგაგვიანდა, ამდენ ხანს რამ დაგაყოვნა?
- უარი მითხრეს.
- უი. და რატომ?
- ცენზურას ვერ გაივლის, კანონი კრძალავს, პატრიარქი არ აკურთხებსო და მსგავსი ბოდვები.
- სიმართლე რომ გითხრა, მქონდა მოლოდინი მსგავსი პასუხისა. ჯანდაბასაც წაუღია ამათი კანონები და სამართალი. ეს იდიოტური კანონი ლამის სუნთქვის უფლებასაც გართმევს თუ მათ სტანდარტებში არ ჯდები. პატრიარქის კურთხევის გარეშე ხომ ისედაც აკრძალული გვქონდა ადამიანებს არსებობა! ამ გამომცემლობისგან სხვას რას უნდა ელოდო, სახელმწიფოს და საპატრიარქოს რიგითი პროპაგანდისტული მანქანაა.
ბენედიქტე და ერმილე შორიახლოს მყოფ სკამზე ჩამოსხდნენ და დიალოგი განაგრძეს.
- საქმეც ისაა, რომ ამ გამომცემლობის გარდა მეტი თითქმის აღარც დარჩა ამ ქვეყანაში, ბევრი გააუქმეს და დახურეს დაუმორჩილებლობის გამო, რაც ფუნქციონირებს კიდევ ყველა ამ გამომცემლობის შვილობილია, ოღონდ ბევრად დაბალი დონის. თუმცა კიდევ ერთია, რომელიც ამას უთანაბრდება, მაგრამ ისიც დროებით დახურულია უკვე სამი წელია, ორთვიანი რემონტის გამო. მონოპოლისტი უპასუხისმგებლო ღორები!
- სამოქალაქო საზოგადოებებისა და დამოუკიდებელი მედიის ცილისწამებით დაიწყო ეს ყველაფერი. თავდაპირველად აგენტებად, შემდეგ კი მტრებად გამოცხადებით რომ მათი მოღვაწეობა შეზღუდეს. აქამდე თუ ქაქში დავაბიჯებდით, მაგ მომენტისათვის უკვე ჭაობში ჩავდგით ფეხი. ამ ავადმყოფურ გარემოში ამით ერთადერთი თავისუფლებისა და იმედის ნაპერწკალი დაახშეს, ისედაც თავისუფლებას მოკლებული ხალხი კიდევ უფრო დაამონეს და გააღატაკეს. აი ეს მარაზმიც სწორედ მაგიტომ გაუვიდათ, რადგან თითქმის აღარ დარჩა ვინმე, ვისაც ძალა აქვს, რომ მათი მავნებლური ნაბიჯები გააკონტროლოს. აი, მაგალითად, მე ხუმრობის გამო კინაღამ მომკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს გამოსვლაზე საქართველოს საპატრიარქოზე და რუსული იმპერიის რეჟიმზე ვიხუმრე.
- ასე ვინ გაგიმეტა, ან რა ხუმრობის გამო?
- კატასტროფული არაფერი, უბრალოდ ჩემს ხუმრობაში ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ სასულიერო პირების ობსესიას გავუსვი ხაზი. ცოტა არ იყოს საეჭვოა, რომ ტრადიციული ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე ღვთისმოსავ ადამიანად მოგყავს თავი, მაშინ, როდესაც ყველგან ლგბტ-ებს ხედავ, მათკენ თითს იშვერ და მუდამ მათ გამოაშკარავებას ცდილობ. ასეთი ობსესია და მაღალი დონის “გეი რადარი” ცოტა არ იყოს ეჭვქვეშ აყენებს მათ ტრადიციულ ორიენტაციას-მეთქი, თან მითუმეტეს როდესაც მამრ ჰომოსექსუალებს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მდედრებს უგულებელყოფენ. ლესბოსელები არ აინტერესებთ, კაცებისკენ ილტვიან. ჰოდა, რა უნდათ, ეკლესიაში ხომ არავინ უვარდებათ, იყვნენ თავისთვის საკურთხეველში! რუსეთის ბელადზეც მსგავსი რამ ვახსენე. ერთსქესიანთა შეუღლებას რომ კაცობრიობის გამხრწნელ, მიუტევებელ ცოდვად და დანაშაულად აცხადებდა მის ოქროს ანაფორიან შარლატანთან ერთად, თუმცა ამ უკანასკნელმა ქვეყნის დაბომბვამდე ბალისტიკური რაკეტები აკურთხა. მთავარია მამაკაცი არ დაწვეს მამაკაცთან ან ქალი ქალთან, თორემ ომი ვის არ მოსვლია კაცო, ყოველთვის ვაცამტვერებდით ერთმანეთს მაგრამ რა, ვერ მოვაღწიეთ აქამდე?! თან პატრიარქი თუ აკურთხებს ყველანაირად მოსული პონტია „ბრატ“!
- და ამის გამო გაგიმეტეს სასიკვდილოდ?
- სახლისკენ რომ მივდიოდი, ეზოში შესვლისას, მოულოდნელად დაბურულმინებიანი მანქანიდან ოთხი მუტრუკი გადმოხტა და ხელკეტებით შეიარაღებულები პაპუასებივით დამესხნენ თავს, ცოტა კი მომხვდა მაგრამ გადავრჩი, კიდევ კარგი წიწაკის სპრეის და ელექტროშოკს თან ვატარებ, თორემ არ ვიცი, რა დამემართებოდა.
- მართლა ბეწვზე გადარჩენილხარ, პოლიციას მაინც არ მიმართე?!
- ვხვდებოდი, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მივმართე. გამოძიება უკვე დაწყებულია თუ არა, არც კი ვიცი, არადა სათვალთვალო კამერები იყო ეზოში, მათ კი სახეები წესიერად დაფარული არც ჰქონდათ და მათი დაიდენტიფიცირება მარტივად შეიძლებოდა, ერთ-ერთ იმბეცილს კეპიც კი დაუვარდა შემთხვევის ადგილზე და სამხილად წაიღეს, მეტი ნაბიჯი არ გადადგმულა პოლიციის ან სხვა სტრუქტურების მხრიდან. ერთი, ის მითხრეს განყოფილებაში, რომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის არავითარ შემთხვევაში არ მიმემართა. სულ ესაა. მომდევნო დღეს კი შეტყობინება მივიღე, რომ ის ბარი დაიხურა, სადაც გამოსვლები მქონდა. სამსახური დავკარგე და პარალელურად სოციალურ მედიაზე ათასი სასაცილო დეზინფორმაცია გამივრცელეს. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, ფარულად ვიარო იატაკქვეშა ადგილებში ჩემი ჭიის გასახარებლად და სულ ფხიზლად უნდა ვიყო, ვინმეს თვალში ცუდად არ მოვხვდე. არადა, რაც მე ღამეებს ვათენებდი, რომ ხალხისთვის გამესწორებინა. ვარდს ვთესავ და *ლე ამოდისო, ჩემზეა ნათქვამი...
- სულ ცოტაც და რუსეთის უკანა ეზო გავხდებით, ან ხელისუფლება თალიბანად გადაიქცევა.
- ჰო, რა ვიცი აბა, მორალის პოლიცია, ფაქტობრივად, უკვე გვყავს. სექსიც კი რომ გქონდეს, გავალდებულებენ, პირველ რიგში, მთავრობა და საპატრიარქო დაარწმუნო, რომ შენც და შენი პარტნიორიც უეჭველად საპირისპირო სქესის ხართ, ვერ დაარწმუნებ და საპატიო ადგილს მოგიჩენენ უსამშობლოთა სიაში. ხოლო თუ დაარწმუნე ამაში, ისიც უნდა დაადასტურო, რომ ტრადიციული მონოგამიური ურთიერთობა გაქვთ, თუ არა და კვლავ უსამშობლოდ გამოცხადდები. ერთადერთი ისღა დარჩენილა, რომ კედელთან დაგაყენონ და გესროლონ, მაგასაც ცოტა ხანში მოაგვარებენ თუ ასე გავაგრძელეთ.
- გამამხნევებლად ჟღერს. - სარკასტული ტონით უპასუხა ერმილემ - მაგრამ მართლა ხომ არ დავახვრეტინებთ თავებს, ამ ჩემს ნაშრომ-ნაწვალებს რაღა მოვუხერხო?
- ვფიქრობ, ამაში მე შემიძლია დაგეხმაროთ!
ბენედიქტემ და ერმილემ მათ ზურგს უკან გაიხედეს, საიდანაც ხმა მოდიოდა. იქვე ახლოს მათი ძველი მეგობარი, მომღერალი თეოდორა იდგა. მართალია, მშობლებმა თევდორე დაარქვეს, თუმცა საკუთარ იდენტობას ამ სახელს ვერასდროს უკავშირებდა, როცა სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, სტილი შეიცვალა და სახელადაც თეოდორა დაირქვა. თეოდორამ, მიუხედავად მრავალი წნეხისა და სირთულისა, თვითრეალიზება შეძლო და წარმატებული ქალი გახდა, ახლა კი გასაჭირისა და სირთულის ჟამს გვერდში დაუდგა მის მეგობრებს, ბენედიქტესა და ერმილეს.
- თეოდორა! მიხარია რომ ცოცხალს გხედავ. - ღიმილიანი სახით გამოეგება ერმილე.
- დიდება შენს გამოჩენას! - აღტაცება არც ბენედიქტემ დამალა.
- მეც მიხარია თქვენი ნახვა ბიჭებო, მაგრამ მოდი, ნადიმი და დროსტარება მერე იყოს, რასაკვირველია, თუ ესეც არ აკრძალეს ჩვენისთანებთან ერთად. ახლა კი, როგორც ვხედავ, არცერთს არ გელხინებათ და ძალიან გიჭირთ.
- კი, სწორად შეგინიშნავს - მიუგო ბენედიქტემ - და რაო, რაში დაგეხმარებითო?
- რაში და.. თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ჩვენნაირ ხალხს თითქმის ყველანაირი საარსებო საშუალება მოგვისპეს. მე პირადად კონცერტებზე გამოსვლა ამიკრძალეს და საბოლოოდ გამაძევეს ამ იდიოტური კანონის და ჩემი განსხვავებულობის გამო, მაშინ, როდესაც უკვე ციდან ვარსკვლავებს ვხსნიდი. თითქოს მანამდე ცხრა მთის გადალახვა და გოლგოთაზე ასვლა არ დამჭირვებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი. დამტოვეს საყვარელი საქმისა და კარიერის გარეშე, ქუჩაში და მიწისქვეშა გადასასვლელებშიც კი აღარ მამღერებდნენ. ხელს ვიქნევდი ცხოვრებაზე, მაგრამ სხვა ჩემს დღეში მყოფი ხალხი გამოჩნდა, ზოგი ასე და ზოგი ისე. შემომთავაზეს, საკუთარი მიზნებისთვის ხორცი შემესხა და ცვლილებებისთვის მებრძოლა იატაკქვეშ მათთან ერთად. საბედნიეროდ ზედაპირზე ჯერ არავის აღმოუჩენია ეს მოძრაობა. ჰოდა იქნებ თქვენც დაფიქრდეთ და დაინტერესდეთ. როგორც წესი, ამაზე არასდროს ვლაპარაკობ. იცოდეთ, თქვენ რომ ამ ამბავს გიმხელთ, იმას ნიშნავს, რომ ჩემგან აბსოლუტური ნდობით სარგებლობთ!
- დამაფიქრებლად კი ჟღერს. - ინტერესი გამოხატა ერმილემ - მაგრამ, იქნებ უფრო დეტალურად გაგვარკვიო რა მოძრაობაა. კონკრეტულად რას წარმოადგენთ და მე და ბენოს რა მხრივ დაგვეხმარება?
- რა მხრივ და იმ მხრივ, ჩემო ძვირფასო ერმალო, რომ შენ ჩვენთან შეგიძლია წერო ის, რაც შენს გულს გაუხარდება. ჩვენ კი დაგიბეჭდავთ და ფარულად გავავრცელებთ მას ცენზურის გვერდის ავლით და მივაწვდით საზოგადოებას, ხალხს, ვისაც აინტერესებს ეს. ვისაც აქვს სურვილი, ეზიაროს ამ შემოქმედებას. თანაც სათაურიც როგორი დამაინტრიგებელი აქვს, „უსქესო ადამიანი“. მაინც კონკრეტულად რაზეა?
- “უსქესო ადამიანი“ ერთგვარი ფილოსოფიური ესეა. ამ ნაშრომში მსჯელობას ვავითარებ ადამიანზე, რომელიც საკუთარ სქესზე მაღლა დგას. მისი სახელია ჰერო. ჰეროსთვის უმნიშვნელოა და აბსურდული ის ბინარული სტანდარტები, რომლებიც დაბადებისას მიაწებეს. ის საკუთარ თავში იმაზე მეტს, ხედავს ვიდრე სექსუალობა ან გენდერული იდენტობაა. იგი არ არის დამოკიდებული მის ბიოლოგიურ სქესზე და მასზე მიბმულ იარლიყებზე საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარ აზრებში, სურვილებში, ქმედებებში, გემოვნებაში, საუბრის მანერასა თუ ზოგადად არსებობაში. ჰერო არ არის დედაკაცი ან მამაკაცი, ჰერო უბრალოდ ჰეროა. ჰეროს ბიოლოგიურ სქესს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სქესი არ მართავს მის ცნობიერებას. მისი ცნობიერებაა ის, რაც ჰეროს აქცევს ჰეროდ და აძლევს საშუალებას დადგეს სქესზე მაღლა. ეს კი მას არ უშლის ხელს ადამიანად ყოფნაში. პირიქით, მას ეს მდგომარეობა მეტ თავისუფლებას ანიჭებს და უფრო მეტად ჰუმანურს ხდის, ვიდრე მრავალნაირ ჩარჩოებში მოქცეულ ადამიანს. მას არ ეშინია გამოწვევების. ჰერო მამაცია, ბრძენი, სათნო, კეთილშობილი და მრავალ წარმატებას აღწევს. რადგან ის ინდივიდია, რადგან ის ჰეროა.
- უკვე ძალიან მომწონს! ზუსტად ეს სჭირდება ყველას, ამ საზოგადოებისთვის ახალი და რევოლუციური. ჩვენთან, იატაკქვეშ სხვადასხვა ჯურის, ორიენტაციის თუ იდენტობის, ბევრი პროფესიის ადამიანს იხილავთ - მწერლებს, ბლოგერებს, კომიკოსებს, მსახიობებს, ხელოვან ხალხს, პედაგოგებს, მეცნიერებსა თუ ჟურნალისტებს... ყველას, ვინც მუდამ თავისუფალ ინფორმაციას, სიახლესა და ცვლილებებს სთავაზობდა საზოგადოებას. მაგრამ მაღალ ეშელონებში მყოფმა ძალაუფლებას დახარბებულმა ეგოისტებმა, პროგრესის შიშის გამო, ყველა მათგანს საქმიანობა შეუზღუდეს და ცხოვრება წაართვეს. მათ ეშინიათ პროგრესისა და ცოდნის, რადგან ამ უკანასკნელნით შეიარაღებული ხალხი უძლეველია. პროგრესული, ცოდნის შუქით განსხივოსნებული ხალხის დაჩოქება არავის ძალუძს, ასეთ ხალხს ვერ მართავ. მათ ბნელი და მორჩილი ბრბო სჭირდებათ საკუთარი დაობებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად და კათალიკოს-პატრიარქის ხელ-ფეხზე საამბორებლად. სწორედ ამისთვის „პროგრესული განვითარების ტაძარი“ გააუქმეს. ჩვენ კი, ამ ტაძრის მსახურები ჩვენივე ტაძრიდან გამოგვყარეს და უიმედობისათვის გაგვწირეს. მაგრამ ჩვენ უკან არ დაგვიხევია. გამოგვაძევეს სცენებიდან, სტუდიებიდან, სასწავლებლებიდან, სახელოსნოებიდან, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით და სხვა ადგილი ვიპოვეთ. რადგან ჩვენ ინდივიდუალურები ვართ, ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და ჩვენს თავისუფლებას ვერცერთი მთავრობა, კანონი, სასამართლო და ეკლესია ვერ წაგვართმევს! თქვენც, ჩემო ძვირფასებო, ინდივიდუალური ადამიანები ხართ. თქვენ ყოველთვის ნათელი ფერები შემოგქონდათ ჩვენს შავ-თეთრ ატმოსფეროში, ამიტომ თქვენი წმინდა საქმე არ უნდა დაიკარგოს. ერმილე, აიღე კალამი და ანთხიე მელნად ფურცელზე შენს გულში ამონაწები! ბენედიქტე, დადექი სცენაზე და ააგიზგიზე თალიას ცეცხლი! ახლა დანებების დრო არ არის. სახელმწიფო გიკრძალავს ცეკვას? მთელი ძალით იცეკვე, იცეკვე სხეულის გადაწვამდე, იცეკვე როგორც ლაზარემ! პატრიარქი უარს ამბობს შენი წიგნის კურთხევაზე? აიღე წყალი, მირონი და თავად სცხე მას! ანდაც ეს უკანასკნელი საჭირო არცაა... როდესაც სახელმწიფო უგულებელყოფს ადამიანთა ინტერესებს, ჩვენი ინტერესების დაცვა თავიდან ბოლომდე ჩვენი პასუხისმგებლობა ხდება. პირველ რიგში, ვართ ჩვენ, ადამიანები, ინდივიდები და შემდეგ კანონი და ეკლესია. რამეთუ როგორც თავად მაცხოვარს უთქვამს, შაბათი შეიქმნა კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის. ასე რომ, გთხოვთ, ნუ დანებდებით ბიჭებო. მუდამ გახსოვდეთ, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა. მოდით ჩვენთან, „პროგრესის წამებულებთან“. ხალხთან, რომლებიც იღვწიან წყვდიადში, რათა სინათლე გაავრცელონ.
- „პროგრესის წამებულები“? - დაზუსტებისთვის იკითხა ერმილემ.
- ეს ალბათ თერგდალეულების ან ჰიპებისა და ბიტნიკების ვარიანტია. - ბენედიქტემაც დააზუსტა.
- ფაქტობრივად მასე გამოდის. ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საზოგადოებაა, რომელიც მენტალურ რევოლუციას ახდენს, უბრალოდ შედარებით კონფიდენციალურია. მე ვხედავ, რომ თქვენი ადგილი სწორედ აქ არის.
ბენედიქტემ და ერმილემ ერთმანეთს რამდენიმე წამით შეხედეს. წუთიერი ჩაფიქრებული დუმილის შემდეგ ერთდროულად ამოთქვეს - უკვე მეც ვხედავ.