ბენედიქტე და ერმილე - EP 2
STORIES
Lashathustra
2/15/20251 min read


- ბენო, ძმობილო, ერთ ღერი ხომ არ მოგრჩენია?
- აჰა, ინებე.
- გმადლობ, მეგობარო.
სანთებლის ჩხაკუნი გაისმა და ერმილემ თამბაქოს ღერს მოუკიდა. გრძელი ნაფაზის დარტყმის შემდეგ ფილტვებიდან ამომავალი კვამლი თბილისის მსუბუქ სიოს გაატანა. მეგობრები ამჟამად ძველი თბილისის ერთ პატარა, მაგრამ მყუდრო უბანში მიუყვებოდნენ დაღმართისკენ მიმავალ გზას. ავლაბრის ქუჩები შედარებით სუფთა და წყნარია, ვიდრე ოცი წლის წინ იყო, იმ დროს, როდესაც თბილისი ბევრად ხმაურიანი და ქაოტური გახლდათ. ორი დეკადის შემდეგ პროგრესი შესამჩნევია და მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, თუმცა დედაქალაქი მაინც კუს ნაბიჯით მიიწევს აყვავებისკენ. ჯერ კიდევ საკმარისად არ დაუვანებია სინათლესა და საღ აზრს ხალხთა ცნობიერებაში. კვლავ შემორჩენილია ძველი, არქაული მომწამვლელი შხამი, რომელიც აბინძურებს დღევანდელ პოსტმოდერნისტულ წმინდა სასმელს. სამწუხაროდ, ზოგიერთი და ალბათ, ზოგიერთზე მეტიც სხვა ადამიანებს უწინდებურად აღიქვამს, როგორც კერძო საკუთრებას, რომელიც შესაძლოა თითქოსდა დეფექტური იყოს და ცდილობენ მის „შეკეთებას“ ან „წარუმატებლობის“ შემთხვევაში მის „გადაგდებასა“ და განადგურებას, როდესაც დეფექტი მხოლოდ მათ ცნობიერშია და არსად სხვაგან.
- ბენო, ძმაო, მურმანის მეუღლის ამბავი შენც გაიგე, ხომ? - სიჩუმე ერმილემ დაარღვია.
- ოღონდ ეგ აღარ მიხსენო, ერმილე! კაცი გიჟს ვგავდი, ეს რომ გავიგე. რისთვის? რატომ? რომელი საუკუნეა? ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ამბები კვლავ ხდება ჩვენს თავს.
- ეჰ, ძმობილო, ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე უფროსი ძმაა, ეგ რაღა მოსატანია, ჰა?
- რუსებს ნუ მიხსენებ, ძალიან გთხოვ! უკვე ლამისაა „ლინეიკა“ გვირტყან ხელში ქუჩაში ქართულად ლაპარაკის გამო! ისე, ეს მურმანი კი მაგარი სამკურნალოა. აი, ეს აზროვნებაც იმ ორკების ბრალია. სწორედ რუსეთიდან მოდის ეს უზნეობა და მარაზმატიკული მრწამსი, თითქოს „კაცი უნდა კაცობდეს“, ანუ დალიოს გასკდომამდე და ცოლს უბრახუნებდეს, როცა რამე არ მოეწონება...
- თუ მკურნალობაზეა საქმე, ფსიქიატრიულები გადავსებული უნდა იყოს ხალხით. ეს ხომ სნეული ერია...
ერმილემ მოყოლა განაგრძო, თან ბენედიქტე გულისფანცქალით უსმენდა. მურმანისთვის ამბავი მეზობელს მიუტანია, რომელსაც ვიღაც თამრიკომ უთხრა, „მურმანის ცოლი ვიღაც კაცთან დავინახე, ხომ არ მაიმუნობს რამეს, ყურადღება მიაქციოს, თორემ ქალია და ხომ იცი, თუ ხელი არ შეავლე, კალაპოტს ასცდებაო“. მურმანი, ნასვამი, სახლში მისულა, ცოლისთვის უღრიალია, სიტყვის თქმაც არ აცადა, მაშინვე სცემა. ბავშვებიც კი გაუღვიძებია ისტერიკულ ღრიალსა და განწირულ კივილს. მერე ბავშვების თვალწინ აგინებდა და ურტყამდა დედას. მეორე დღეს, სამსახურში შესვენებისას, მურმანი ცოლს ბუფეტში მიადგა. მასთან ერთად იმავე მაგიდასთან იმყოფებოდა ის კაცი, ერთ-ერთი თანამშრომელი, ვისზეც წინა დღეს ეჭვიანობდა. მურმანს თვალთ ბურუსი მოჰხვევია, მივარდა ცოლს, სკამიდან გადმოაგდო, თმებით ათრევდა და თავს იატაკზე არტყმევინებდა. შემდეგ კი დანა აიღო და ნაწილებად აკუწვას უპირებდა.
ბენედიქტემ ნერვიულად მოქაჩა ბოლო ნაფაზი, ძირს დააგდო და ფეხსაცმლით გასრისა.
- რა სიგიჟეა! კი მაგრამ, მისი თანამშრომლები სად იყვნენ? ან ხალხი? რას აკეთებდნენ?!
- შენც არ მომიკვდე, ბენო, ზოგი შოკში ჩავარდა, ზოგი კიოდა, ერთი კი ვიდეოს იღებდა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორი დაუნდობელია მოძალადე ქმარი.
- ღმერთო მაღალო! როგორ გადარჩა, თუ არავინ ეხმარებოდა?
- ისევ იმ ბიჭმა იხსნა, ვისზეც მურმანი ეჭვიანობდა. მურმანს დანა გააგდებინა და გოგონაც გამოარიდა. მერე ჩხუბი ატეხეს, ხალხი მაშინვე მოცვივდა მათ გასაშველებლად. მურმანი ციხეში ჩასვეს, ცოლი კი საზოგადოებამ გაანადგურა, მიწასთან გაასწორა მთელმა სამეზობლომ. საბრალო, ნეტავ რით შეგვიძლია მისი დახმარება?
რამდენიმე წამში გამაყრუებელი გასროლის ხმა გაისმა. მეგობრები შეკრთნენ და ხმის მიმართულებით გაიხედეს.
- ერმალო, ძმაო, ეს მურმანის ცოლის ბინა არ არის?!
- კი, უეჭველად ეგ არის!
მეორე დღეს საინფორმაციო გამოშვებებში განაცხადეს, რომ მარტოხელა ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა იმ იარაღით, რომელიც მისი ქმრის მფლობელობაში იყო. სამძიმარზე ბევრი ხალხი შეიკრიბა. ისინი, ვინც გუშინ ლანძღავდნენ, ახლა დასტიროდნენ. ბენედიქტე და ერმილე მშვიდად აკვირდებოდნენ მათ.
- ერმილე, ხედავ ხომ?
- ჰო... სიცოცხლეში ყველა გჭორავს, შენს მანკიერებებს უსვამს ხაზს, ელოდება, როდის წაიქცევი, რომ ზედ შეგდგეს. ხოლო როცა კვდები, გაღმერთებენ.
- გუშინ მიწასთან ასწორებდნენ, ახლა დასტირიან...
ბავშვები დედის დაკარგვას განიცდიდნენ. ბენედიქტე და ერმილე მათ მიუსხდნენ, კანფეტები შესთავაზეს, საინტერესო ამბები უამბეს, მხიარულ ისტორიებს მოუყვნენ გასახალისებლად. ბავშვების თვალებში სინათლე დაბრუნდა. იქ მყოფი მეზობლები კი საძაგლად უცქერდნენ მათ.
- უსირცხვილოები! ქალი მოკვდა და ესენი სიცილის ხასიათზე არიან! - ჩურჩულებდნენ ისინი, შემდეგ კვლავ თავიანთ სპექტაკლს დაუბრუნდნენ.
როდის შეწყვეტს საზოგადოება ძალადობის რომანტიზებას? როდის შეწყდება ბავშვების გონების ლპობა და მიცვალებულის ფარისევლური გაფეტიშება? თუ ოდესმე დადგება ეს ჟამი, მაშ, გაბრწყინდება ქვეყანა. ხოლო თუ ეს ფუჭი მოლოდინია, მაშინ წყეულიმც იყოს ეს ცხოვრება. მაგრამ მე მწამს, რომ ბენედიქტესა და ერმილეს მსგავს ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.