ბენედიქტე და ერმილე - EP 1

STORIES

1/31/20251 min read

- რა იქნება, რომ კაცობრიობა თუნდაც მემილიარდედი პროცენტით არასერიოზული გახდეს... რა მაგარია!!!

- და სერიოზულობის რა ეტყობა სამყაროს, განა? იმისთვის ვიბრძვით, რომ ბოლოს დავკარგოთ. რომ ვიზრდებით, სულ ბავშვობა გვენატრება, როცა ბავშვობაში გაზრდას ვნატრობთ. იმიტომ ვცხოვრობთ, რომ ცხოვრების შემდეგ დავისვენოთ, როცა ამ მომენტშივე შეიძლება ამის მოგვარება. ისე ვცხოვრობთ, თითქოს არც არასდროს მოვკვდებით, და ისე ვკვდებით, თითქოს არც არასდროს გვიცხოვრია. პედესტალზე შემდგარნი სხვებს ასე თამამად ვუკითხავთ მორალს, როგორც უცოდველ ანგელოზთა კრებული, მაშინ როდესაც თავად არ ვართ სუფთანი. უმრავლესობა უმცირესობას ავიწროებს მხოლოდ იმიტომ, რომ არევასებათ“, მაგრამ რატომღაც მაინც ეშინიათ უმცირესობის და აქეთ გვავიწროებენო, მათზე ამბობენ. განა ეს სამყარო კოლოსალური კომედიური სპექტაკლი არაა?

- სწორედაც რომ ამას ვიძახი, ჩემო მეგობარო! ეს სამყარო უზარმაზარი ხუმრობაა, და შესაბამისად, თუ ღმერთი არსებობს ამ ქვეყანაზე, თავად იუმორია ეს ღმერთი. აი, ეს რელიგიებიც კი გრანდიოზული ხუმრობაა, რომელსაც კვლავ იუმორისკენ მივყავართ. ერთმანეთს ხოცავენ სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები ღმერთის სახელით, ღმერთის დასაცავად. იმ ყოვლისშემძლე ღმერთის დიდების დასაცავად, რომელსაც თურმე ამ ერთი ციცქნა მოკვდავების ომობანა სჭირდება ამისთვის. იმ ზეციური მამისთვის, რომელსაც ორივე მხარე თაყვანს სცემს და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჟლეტენ ერთმანეთს, რომ ვერ შეთანხმდნენ, რა სახელი დაერქმიათ ამ არსებისთვის. მოდი, აბა, ვნახოთ, ვისი წარმოსახვითი მეგობარი უფრო მაგარია! ამასობაში კი ანადგურებენ ყველაფერს, რაც მათმა ღმერთმა შექმნა, ვისზეც მზე და მთვარე ამოსდით. განა ეს არაა სასაცილო? სინამდვილეში რა აქვთ გასაყოფი, მაგრამ მაინც ფატრავენ ერთმანეთს. ხომ ვამბობ, არა? ღმერთი არის ყველაზე დიდი ხუმრობა, რასაც უარსებია. ეჰ, ეს საცოდავი ქმნილებები... ისე ძლიერ უნდათ მარადიული ნეტარება და ცხოვრების სამუდამოდ გაგრძელება, რომ ჯადოსნურ წვერებიან ბაბუას იგონებენ, რომელიც ახალ ცხოვრებას ჰპირდება სადღაც შორს, ღრუბლების სამეფოში! თითქოს ეს კოლოსალური კომედია არ ჰყოფნიდეთ, უფრო ბუმბერაზ საგიჟეთს იგონებენ! თვით იუმორზეა ცხოვრება დამყარებული, მაგრამ ეს მოკვდავები ამას ისე სერიოზულად აღიქვამენ, რომ ამხელა კომედიის ფონზე მათი მოღუშული სახეების ხილვა კიდევ უფრო მძვინვარე, ისტერიკულ სიცილს იწვევს. ამდენად, კაცობრიობა რომ უფრო მეტად არასერიოზული გახდეს, ბევრად უკეთ ჩაწვდება სამყაროს არსს, მის ავან-ჩავანს. შეიცნობს ცხოვრებას. გაიგებენ, სინამდვილეში რატომ და რისთვის ცხოვრობენ. და იმ წუთას, იმ მომენტში, ზოგადსაკაცობრიო, ისტერიკული სიცილი გაირბენს დედამიწის ზურგზე. შედეგად, ბედნიერების კოეფიციენტიც მაღლა აიწევს. ასე რომ, ყურადღებით მომისმინე, ერმილე, – მიმართა გვერდით მჯდომ მეგობარს ბენედიქტემ და სიგარეტის ღერი მოქაჩა, – ჩემ გვერდით ხარ და მინდა, ეს იცოდე: დღეიდან ჩემი მიზანია, კაცობრიობა გავხადო მეტად არასერიოზული, ვიდრე ოდესმე ყოფილა ხეზე მცხოვრები პრიმატების მოდგმიდან დღევანდელ დღემდე. აი, შენ მხოლოდ დამელოდე!

მეგობარს მხარზე ხელი შემოუტყაპუნა, ჩამწვარი სიგარეტი სანაგვეში მოისროლა და ხედის ყურება განაგრძეს ერთად.

- ერმილე, ნახე, რამხელა ბუჩქი დაურგავთ იმ საცხობის თავზე! რა ჯანდაბად უნდათ, ნეტავი, ერთი?!

ერმილემ გაიხედა სივრცეში, სადაც ბენედიქტემ მიუთითა, და სახეზე ღიმილი აუთამაშდა.

- ბენო, ძმობილო, ჯობია, მაგ ბუჩქთან ურთიერთობისგან ცოტა ხნით მაინც შეიკავო თავი. პირველ რიგში, ეს ბუჩქი კი არა, უბრალოდ მაღალი ნაძვია, რომელიც საავადმყოფოს უკან დგას. ჰო, საავადმყოფო... არც ის შენობაა საცხობი, შენ წარმოიდგინე...

წუთიერმა დუმილმა დაისადგურა, რასაც მცირეოდენ ხანში არღვევს ერმილეს სიტყვა:

- ... *ლიფონ!

მშვიდი საღამო იდგა თბილისში. მზე ჰორიზონტისკენ გადაწეულიყო. ამ სიმშვიდეს მხოლოდ სუსტი თბილისური სიო და მეგობრების გულიანი ხარხარი არღვევდა...